სააკაშვილს ოლიგარქებთან დიდი ბრძოლა ელის – პაატა ბურჭულაძე

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას პოზიტიურად აფასებს. პაატა ბურჭულაძის შეფასებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს დაპირისპირება, პირველ რიგში, ოლიგარქებთან მოუწევს, რადგან ისინი რეფორმებს ვერ ეგუებიან. ამ თემაზე ბურჭულაძემ ნიკა გვარამიას გადაცემაში ისაუბრა:

“მიხეილ სააკაშვილს დიდი ბრძოლა ელის წინ… ოლიგარქს არასდროს არ უნდა რეფორმის გაკეთება, იმიტომ რომ ოლიგარქი და რეფორმა შეუთავსებელია“– ამბობს ბურჭულაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანიშვნის ფაქტზე საქართველოს მთავრობის წევრების რეაქციამ პაატა ბურჭულაძის კრიტიკა დაიმსახურა. მან ხელისუფლების წარმომადგენლები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურად დანიშვნამდე, უკრაინას ულტიმატუმები წაუყენეს.

ბურჭულაძისთვის სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება ელჩის გამოწვევით დაიმუქრა. მისი შეფასებით, მსგავსი განცხადებების გამო, ქვეყანას საერთაშორისო მასშტაბით რეპუტაცია შეელახა.

“ამდენი არაფრის გამკეთებელი, უთავმოყვარეო და მავნებელი, არაპროფესიონალი ერთად როგორ შეიძლება შეკრიბო, არ ვიცი. როგორ შეიძლებოდა ამათი შეკრება და სახელმწიფოს მართვის ჩაბარება… რა მივიღეთ ახლა, ელჩი უნდა გამოვიწვიოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან? ამას ქუჩაში რომ გააჩერო მოქალაქე, ყველა გეტყვის, რომ არ შეიძლება“, – ამბობს ბურჭულაძე.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დღეს დაინიშნა.