სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით ღირსებას ულახავენ და არაადამიანურად ეპყრობიან – TDI

“სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით ღირსებას ულახავენ და არაადამიანურად ეპყრობიან “-  ამის შესახებ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)  განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს.

“ჩვენთვის აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. ამის თქმის საფუძველს იძლევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელების შეუფარავი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც, მათი მხრიდან, სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ გვიქმნიან წარმოდგენას. ამის შესახებ კრიტიკულ კონტექსტში საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი.

ხელისუფლების მხრიდან ვითარების მიზანმიმართული გამწვავება, მიხეილ სააკაშვილისთვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის თქმა, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი საპატიმროშივე უნდა გაიმართოს, მის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე უფლებადარღვევები: შემზარავი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სავარაუდო ძალადობა, დიდ ბარიერს აღმართავს ყველა მცდელობის წინაშე, დავუბრუნდეთ მშვიდ პოლიტიკურ გარემოს, ძირს უთხრის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ამ ვითარებაში, საფრთხე ექმნება თითოეული ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.