ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვემოთ აყენია მანქანა, რომელიც “ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს”.
მისივე მტკიცებით, ამ მანქანით ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მოსპობასა და მის მოკვლას ცდილობს.
“ეს არის რუსულ, ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე, ე.წ. სისტემა კუპოლი, ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემო მყოფს. იწვევს სისხლის გათეთრებას, ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობასა და სიკვდილს. ამას შეუძლია, მოკლას ჩვენი პრეზიდენტი, მოკლას ყველა, ვინც ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან ასი მეტრის გარშემო იმყოფება.
ეს განცხადება არ არის სათამაშო, თქვენ ხედავთ კადრებს, ფაქტებს, რომელიც გადაღებულია დღეს. ეს მანქანა იმ წუთიდან, რაც მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილია გორში, მისი პალატის ქვევით აყენია. მისი გამოსხივების მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება ანტენების ზემოთ რადიუსზე.
თავად შეაფასეთ, როგორ კლავს ჩვენი ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს. არ იკმარეს, რომ ის აწამეს, ახლა პირდაპირ კლავენ რადიოგამოსხივების მეშვეობით. ეს არის მაგნიტური ველი, რომელიც მომაკვდინებელია ყველა ადამიანისთვის, ვინც 100 მეტრის რადიუსშია”,– აღნიშნავს ჩალაძე.
ის მოუწოდებს სახალხო დამცველსა და დიპლომატებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი.