სააკაშვილს სურს, დარჩეს იქ, სადაც არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არ უნდა დავუშვათ – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში დარჩენა სურს, თუმცა იქ ყოფნა მას არ ეკუთვნის, რადგან მკურნალობა დაასრულა.

მისი თქმით, ეს სხვა პატიმრების მიმართ დისკრიმინაციულია, რაც სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას.

“მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა პატიმრები. ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული.

როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. რეფიდინგი, ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ. სახელმწიფოს მიდგომა იქნება ისეთი, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს”,– აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილის რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანა 2 დღის წინ სცადეს, თუმცა ექპრეზიდენტი ბადრაგებს არ დაემორჩილა. უწყების ცნობით, ამ დროს სააკაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ეტაპირების პროცესი დროებით გადაიდო.