ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ეხმიანება გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „მცხეთის იქით ხალხმა ბიძინას და მიშას მეტი არავინ იცის“.
“გუბაზ სანიკიძე, რომელიც სამარცხვინოდ ეთნიკურ შუღლს აღვივებდა, მიხეილ სააკაშვილს სომეხს ეძახდა და ჩვენი ქვეყნის მტრულ პროპაგანდას ეწეოდა, ეს კაცი და თავისი გზავნილები არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას”,- ამბობს ბოკერია.
მისივე განცხადებით, ევროპული საქართველოს ხედვაა, პრემიერად არ დაუშვას ისეთი ადამიანი, რომელიც გუბაზ სანიკიძეს სპიკერად იღებს.
“ეს პროპაგანდა, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი და თუ ივანიშვილი არ იქნება, სააკაშვილი იქნება, აწყობს ივანიშვილსაც და აბსოლუტურად ბრიყვულად აწყობს სააკაშვილის გარემოცვასაც. პროპაგანდა – თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალაუფლებაში ისე, როგორც 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ჩემი ჩათვლით, რომ ყველა შტოს ვაკონტროლებდით, რამაც სერიოზული პრობლემები მოგვიტანა, არის სიცრუე. ამის შემდეგ ქვეყანა წინ წავიდა საზოგადოებრივად და აღარავის უნდა ეს. „ევროპული საქართველო“ იქნება ერთ-ერთი გარანტი ამის არდაშვების”,- ამბობს გიგა ბოკერია პალიტრანიუსის ეთერში.
ევროპული საქართველოს ლიდერი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს სურს არც “დღევანდელი ჭაობის” შენარჩუნება და არც წარსულში დაბრუნება.
“სამარცხვინოა დღეს ასეთი კაცის სახედ მიღება. ქართველ ხალხს არ უნდა ეს, არამედ უნდა წინ ყურება სწორი გეზით და სწორი კომპასით და იმ გეგმით, რაც აქვს „ევროპულ საქართველოს“ “, – განაცხადა ბოკერიამ.