სააკაშვილს 2 თვით აეკრძალა ტელეფონით სარგებლობა, რაც აქამდეც აკრძალული ჰქონდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს გლდანის N18 დაწესებულებაში გადაყვანისას აპარატის დაზიანების გამო 2 თვით ტელეფონის სარგებლობა აეკრძალა, რაც აქამდეც აკრძალული ჰქონდა.

ადვოკატის შეფასებით, განკარგულება დაუსაბუთებელი და უკანონოა, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

“დღეს ვიმყოფებოდი გლდანის მე-18 დაწესებულებაში, გადმომეცა დირექტორის განკარგულება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილზე დადგინდა, რომ მან დაარღვია პატიმრობის კოდექსის რამდენიმე დებულება. მის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენს 70 ლარს და მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი სატელეფონო საუბრის 2 თვით შეზღუდვის სახით.

განკარგულება, რომლითაც სახდელი დაეკისრა პრეზიდენტს, არის სრულიად დაუსაბუთებელი და ცხადია, უკანონო, იმდენად რამდენადაც მას არ აქვს არავითარი არგუმენტაცია და მასში არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული. კერძოდ, მასში არ არის გამოკვლეული მიზეზი თუ რატომ ჰკრა მიხეილ სააკაშვილმა ხელი ამ აპარატს.

მიზეზი გახლავთ ის, რომ ის გაიტაცეს და მოეპყრნენ არაადამიანურად. ის შეათრიეს კამერაში და ბუნებრივია, მას ჰქონდა სრულიად ადეკვატური რეაქცია, როცა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს მისგან იძულებით ტესტების თუ ანალიზების აღება.

სატელეფონოს ზარების შეზღუდვის გადაწყვეტილება გახლავთ ტრაგიკომიკური, ტრაგიკულია იმდენად, რამდენადაც არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ხოლო კომიკურია იმდენად, რამდენადაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს ისედაც არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.