საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს, სადაც ის ზურაბიშვილს კონკრეტულ დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნისკენ მოუწოდებს.
ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, მათ 2019-2021 წლებში რამდენჯერმე მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ გადმოსცემოდა საიდუმლო გრიფით განსაზღვრული აქტები, მაგრამ დღემდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღიათ.
“საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციისა და შენახვის და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც მოგეხსენებათ, განხორციელდა 2018 წელს. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან გასული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილი იქნა დაუყონებლივ საქართელოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა გაენხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამოდენიმეჯერ მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ გადმოსცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული საიდუმლო გრიფით განსაზღვრული აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მიმართვისა, დღმდე აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეის მდგომარეობით მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე და მათ გასაჯაროებაზე”, – აცხადებს ადმინისტრაცია.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, გრიფით საიდუმლოს მოხსნისთვის მთავრობის ადმინისტრაციას მიმართოს.
“თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ მიიღოს დოკუმენტებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია”,– აცხადებს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართა და მუწოდა, მოხსნას გრიფი საიდუმლო 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. მისი თქმით, ამით დადასტურდება, რომ პროცედურები, რომელსაც თემურ ჯანაშიას ე.წ. პიჯაკების საქმეში ედავებიან, კანონიერი იყო.