დღეს სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.
“საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას. ამდენად, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა”- ნათქვამია განცხადებაში.