სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის განცხადებით, სააღდგომო მსახურებას ღია ცის ქვეშ ჩაატარებს, სადაც სივრცე საკმაოდ არის და ხალხი დასწრებას შეძლებს, თუ საგანგებო მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემთ.

მისი თქმით, დაინფიცირებისგან აბსოლუტურად დაცული ქვეყანაში არავინ არ არის, მაგრამ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ.

„დამიჯერეთ, დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მე რაც შემიძლია გითხრათ, სპეციალისტები რასაც ურჩევენ მოქალაქეებს, ეკლესიას, მგონია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. რომ გითხრათ, შემოთავაზებული ნორმები ეს არის აბსოლუტური საშუალება ვირუსისგან დაცვისა, რა თქმა უნდა, ეს მთლად ასე არ არის მაგრამ, ალბათ მინიმუმამდე დაყავს დაინფიცირების რისკი. აბსოლუტური დაცული ამ ქვეყანაში არავინ არ არის.

ამრიგად, ვეცადოთ შევასრულოთ ყველა ის წესი და რიგი მაქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდება, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირების, არ არის საჭირო. სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას,“- თქვა მეუფე გრიგოლმა.

მან ჟურნალისტებსაც მიმართა და უთხრა, რომ თუ მორჩილებით იქნებიან, კორონავირუსის ჩავლის შემდეგ ყველაზე ეკლესიურები ისინი გახდებიან.

„თუ დამიჯერებთ და ყურადღებით, მორჩილებით იქნებით, მე მგონი, რომ გაივლის ეს დღეები, თქვენ ყველაზე მეტად ეკლესიურები გახდებით, ამის დიდი შანსი გაქვთ, სხვა დროს კაცი ვერ მოგიყვანთ ტაძარში. ოღონდ ისე კია, ვირუსივით რომ ჩუმად შემოხვალთ, არამედ რწმენით, სიყვარულით და რა თქმა უნდა, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, ეს იქნება ყველაზე კარგი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. კომენდანტის საათის პირობებში მოქალაქეებს 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. ასევე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.