საახალწლო განათებაში წელს შარშანდელზე მილიონით მეტი იხარჯება – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2022 წლისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ქუჩების საახალწლო განათებებით გასაფორმებლად საქართველოს მასშტაბით 2 561 874 ლარი იხარჯება.

ორგანიზაციის ცნობით, ქუჩების გასანათებლად 5 თვითმმართველი ქალაქიდან ყველაზე მეტს – 700 ათასამდე ლარს ბათუმის მერია ხარჯავს, შარშან კი 500 ათასი დახარჯა.

“თბილისის მერიის თბილსერვის ჯგუფმა წელს განათებაში 340 ათასამდე გადაიხადა, ხოლო შარშან იგივე ხარჯი 617 ათასამდე იყო.

ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა, თუ რამდენი დაიხარჯა 2021 წელს საახალწლო განათებებსა და აქსესუარებში, ასევე კომპანიები, რომლებთანაც ხელშეკრულება გაფორმდა.

5 თვითმმართველი ქალაქიდან ქუჩების გასანათებლად ყველაზე დიდ თანხას ბათუმის მერია ხარჯავს. საშობაო-საახალწლო დღეებში ქუჩების გასაფორმებლად ბათუმის მერია ბიუჯეტიდან 699 910 ლარს ხარჯავს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ფონზე, ბათუმის მერიამ ქუჩების გასაფორმებლად 500 393 ლარი დახარჯა.

თბილისის მერიამ ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეიძინა საახალწლო განათებები და აქსესუარები. თბილსერვისმა ოთხი ტენდერი გამოაქვეყნა საახალწლო გირლიანდებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის. მერიის კომპანიამ ჯამში 444,530 ლარის ხელშეკრულება გააფორმა შპს ღამის შოუს სტუდიასა და შპს დანდისთან. თბილისის მერიის კომპანიამ წელსაც შეიძინა საახალწლო გირლიანდები და ნათურები, რომლებშიც ჯამში 338,730 ლარი გადაიხადა.

საინტერესოა, რომ მხოლოდ გირლიანდებსა და განათებებში 2020 წელს 616,640 ლარი დაიხარჯა. აქვე ჩნდება კითხვა თუ რატომ გახდა საჭირო წელსაც ასისათასობით ლარის დახარჯვა საახაწლო გირლიანდებში, როდესაც 2020 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა ქუჩის სადღესასწაულო განათებაში? ამ კითხვით ფლანგვის დეტექტორმა მერიის თბილსერვის ჯგუფს მიმართა, თუმცა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია.

საახალწლო განათებაზე გაწეული დანახარჯების სამეულში მოხვდა ფოთის მერიაც, რომელიც ქუჩების გასაფორმებლად 217,662 ლარს ხარჯავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტიდან ვგებულობთ ფოთის მერიის მიერ კომპანია შპს ქოლორფულ სფირითთან გაფორმებული ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება (217,662 ლარი) 19,776 ლარით აღემატება მის თავდაპირველ ღირებულებას, რომელიც 197,886 ლარი იყო. საიტზე განთავსებული დოკუმენტაციიდან ვგებულობთ, რომ თანხის გაზრდის მიზეზი ქალაქგაფორმების კონსტრუქციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვა იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისისა და ბათუმის მერიისაგან განსხვავებით, ფოთის მერიას პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, ქუჩების გასაფორმებლად თანხები არ დაუხარჯავს. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტში ქუჩების სადღესასწაულო გაფორმებას, თვითმმართველი ქალაქებიდან ყველაზე მცირე თანხა ქუთაისისა და რუსთავის მერიამ დახარჯა”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.