2021 წლის საახალწლო განათებებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში თბილისის მერიამ თითქმის ერთი მილიონი, 986 524 ლარი დახარჯა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შესყიდვის ობიექტების მოწოდებას უზრუნველყოფს სამი კომპანია:
შპს “დანდი” – საახალწლო სტრინგები;
შპს “ბენ 3” – საახალწლო გირლიანდები;
შპს “ღამის შოუ სტუდია” – საახალწლო ნათურები და აქსესუარები.
„დედაქალაქის განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი. ეს არის ახალი ნაძვის ხისთვის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ამ თანხით არის შეძენილი.“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის დროს, საღამოს ცხრა საათიდან ქალაქის განათებები ჩამქვრალი იქნება, თუმცა ნაძვის ხეს მაინც ანთებულს დატოვებენ. უცნობია, რამდენი დაიხარჯება ამ პერიოდში კონკრეტულად ნაძვის ხის განათებაში.
მერიამ გასულ წელს იტალიაში,მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადასაკეთებლად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება 195 800 ლარი იყო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მორთვა-გაფორმებაში 103 850 ლარი დაიხარჯებოდა, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლიანდაში – 70 950, სტრინგი კაბელის შეძენა კი 21 ათასი.
რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, მისი თქმით, დედაქალაქში სამი კონცერტი, 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართა.
ჩვენ 3 კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს მომღერლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, ესეც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხა ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს.“- აცხადებს თბილისის მერი.