საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, მელიქიშვილსა და კოსტავაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, 25 იანვრის 00:30-დან 03:00-საათამდე მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება
დროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა
შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, ფილარმონიიდან მეტროსადგურ რუსთაველამდე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“შეზღუდვის პერიოდში კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზის ხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.