“საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძეს აწვდიდნენ” – ტენდერიდან ₾20,000-ის დაუფლებისთვის 2 პირი დააკავეს

სამეგრელოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს, გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.

მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.