ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა MKD Credit Suisse-თან დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საბანკო ტრასტები უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ ივანიშვილის წარმომადგენლების წერილებსა და კითხვებს.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე.
“ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან – ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.
შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში”. – ნათქვამია ფირმის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას “ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”.
იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, “ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე”.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.