საბერძნეთის პოლიცია მედიით აქვეყნებს ინფორმაციას დაკავებულ ქართველ ქალზე, რომელიც ატიკას რეგიონში სახლებში დამხმარედ მუშაობდა და მათ ძარცვავდა. 40 წლის ქალის ფოტოები და პირადი მონაცემები პროკურატურის პირველი ინსტანციის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე გამოქვეყნდა, რადგან ხელისუფლება სხვა დაზარალებულებსაც ეძებს, ვისაც ქალის ამოცნობა შეუძლიათ. ასევე იძებნებიან იმ 43 გასაღების მფლობელები, რომლებიც ქართველ ქალს აღმოუჩინეს. პოლიცია ცდილობს დაადგინოს ქალის საქმიანობის მაშტაბები, რადგან ჯერჯერობით ძარცვის 4 შემთხვევაა გამოვლენილი.
პოლიციამ ჩხრეკისას ძვირფასი ქვების ამომცნობი დეტექტორიც აღმოაჩინა, რომელსაც ძარცვის დროს იყენებდნენ.
გამოქვეყნებულია ქალის სახელი და გვარიც – ეს არის ლია კაკუნაშვილი, დაბადებული 1982 წელს, საქართველოში.
მოპარული ნივთების ჩამონათვალს “ბერძნული მედია” აქვეყნებს. ეს არის:
ორმოცდაათი საათი
ოქროს სანთებელა
ორი მოოქროვილი ჯაჭვი
22 წყვილი მანჟეტი
6 სამაჯური
10 საკოლექციო კალამი
1 წყვილი საყურე
მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქროვილი ხატი
1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში
7 საფულე
1 ლეპტოპი
15 ვიდეოკამერა
7 საკოლექციო ხმალი
პოლიცია ქალის თანამზრახველებსაც ეძებს, რადგან ჩხრეკისას, ძვირფასი ნივთების გარდა, იარაღის არსენალიც არის აღმოჩენილი–3 დასაკეცი დანა, ნაჯახი, 2 ცეცხლსასროლი იარაღი ,2 რევოლვერი, სხვადასხვა კალიბრის 173 ვაზნა, 2 ყუთი საჰაერო ტყვიამფრქვევის გრანულები.
დიდი რაოდენობით იარაღის აღმოჩენა გამოძიების შეშფოთებას იწვევს, რომელიც შინამოსამსახურე ქალის ქართულ მაფიასთან–კანონიერი ქურდების დაჯგუფებასთან კავშირს სწავლობს, რომელიც ატიკის სხვადასხვა რაიონებში სახლებს “ასუფთავებს“. ჯერჯერობით გამოძიება ვულასზე და სამხრეთ გარეუბნის სხვა რაიონებზეა მობილიზებული, სადაც ბოლო დროს ქართველი ქალი მუშაობდა.
ქალი ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა, შემდეგ კი სპეციალური პლასტელინის საშუალებით გასაღებების ასლებს აკეთებდა, რომლებსაც მის თანამზრახველებს აძლევდა. ამგვარად, მძარცველები სახლში ისე შედიოდნენ, რომ კვალს არ ტოვებდნენ. სპეციალური დეტექტორის საშუალებით, სკანირების გზით კი მძარცველები სახლებში ძვირადღირებულ ნივთებს პოულობდნენ და იპარავდნენ.