საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ის კრეტაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ის კრეტაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.  ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. სუდას ყურეში განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ობიექტები. ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია, შემდეგ კი ის ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა.

წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.

მამაკაცი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.