საბოტაჟის რეჟიმში მყოფ პარტიებს კომისიებში წარმომადგენელი არ ეყოლებათ–კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “საბოტაჟის” რეჟიმში მყოფ პარტიებს საარჩევნო კომისიებში წარმომადგენელი არ ეყოლებათ.

როგორც მან იმედთან ინტერვიუში ისაუბრა, ეს არის პრივილეგია, რომელსაც მმართველი გუნდი ოპოზიციას ანიჭებს.

“დღეისთვის არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ ეკუთვნის, მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ადგილები საარჩევნო კომისიებში, ანუ საუბარია ახალი პრივილეგიის მინიჭებაზე. როდესაც საუბარია ახალი პრივილეგიის მინიჭებაზე, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა გავითვალისწინოთ არსებული მოცემულობა და ახალი პრივილეგიის მინიჭება იმ პარტიისთვის, რომელიც არის საბოტაჟის რეჟიმში, ჩვენი მხრიდან იქნებოდა ალოგიკური. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ლოგიკური და რაციონალური გადაწყვეტილება, ახალი პრივილეგია არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიენიჭოთ იმ პარტიებს, რომლებიც დღეს არიან საბოტაჟის რეჟიმში”, – განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნების მიერ დაანონსებული საარჩევნო რეფორმის თანახმად, ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში.

პროექტის მიხედვით იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს კომისიებში წარმომადგენლები ვერ ეყოლებათ.