ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების გადათვლის შემდეგ არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა საბურთალოზე, ბოლნისში, ხაშურში, ხულოსა და ოზურგეთში.
“საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი უბნის შედეგები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი უცვლელი დარჩა. გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის, ხულოსა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები”,– განაცხადა ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, საჩივრების განხილვა დასრულებულია ვაკის, მთაწმინდის, ისნის, ნაძალადევის, გორისა და გლდანის ოლქებშიც, თუმცა, გადაწყვეტილებებს ცესკო ხვალ გამოაცხადებს.
ცნობისთვის, დღეს საოლქო კომისიები საჩივრებს განიხილავენ. პროცესზე დასწრების საშუალებას არ მისცეს პოლიტიკოსებსა და დამკვირვებლებს, რის გამოც ამ დრომდე აქციები იმართება ისნის, ბათუმის და სხვა რამდენიმე საოლჩო საარჩევნო კომისიის შენობასთან.