საგამოძიებო კომისია, საარჩევნო რეფორმა – რა “პროგრესით ჩავა” ღარიბაშვილი ბრიუსელში

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია “ნორმალურ კალაპოტში მოექცა”, როდესაც კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადავიდა.

მისი თქმით, “ევროკავშირში იმის მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომისთვის ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა”.

პაპუაშვილის განმარტებით, ამ “პროგრესის” მისაღწევად ქართულმა ოცნება საარჩევნო რეფორმას ახორციელებს, ასევე, შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია.

“ჩვენ ამ პროგრესისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ – საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი შევქმენით და დავდეთ პროდუქტი, რომელზეც არსებითი რაიმე კრიტიკა არ არის. როგორც ჩანს, ამ პუნქტებს შინაარსობრივად ყველა თუ არა, ბევრი ეთანხმება.

ასევე შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც არის გზა რიგგარეშე არჩევნებისკენ, თუ ეს მაინც და მაინც მათი სურვილია. რიგგარეშე არჩევნებისთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რადგან საჭიროა საფუძვლის არსებობა. საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ შედეგებზე მოქალაქეების ნება არ აისახა და ეს უნდა დადასტურდეს, ამის შესაძლებლობა არის საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ქართული დელეგაცია ასოცირების საბჭოზე 13–14 მარტს მიიღებს მონაწილეობას, სადაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრებს.