საგამოძიებო კომისიის შედეგი იქნება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვმაც იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ის ხარვეზები კი, რომელიც იყო, არ ახდენს გავლენას შედეგზე.

მისივე განცხადებით, ახლა, “პასუხისგებლიანი ხელისუფლება” ოპოზიციას სთავაზობს, საგამოძიებო კომისიაში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ისინი უარს ამბობენ.

“ეს არის მათი დესტრუქციული დღის წესრიგის პრიორიტეტი. მთავარი მიმართულებაა, რომ ილაპარაკონ გაყალბებაზე, მაგრამ როდესაც ეუბნები შეამოწმეო და საგამოძიებო კომისია, არ არის ხელწამოსაკრავი ინსტრუმენტი, არ უნდათ. ჩვენ ოპოზიციაში ყოფნის დროს ასეთ ფუფუნებაზე ვერც ვიოცნებებდით, მათ ეს აქვთ, მაგრამ არ იყენებენ, იმიტომ, რომ ეშინიათ შედეგის. შედეგი იქნება ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

სხვათაშორის, რაკი შევიდნენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, მათ უკვე დაადასტურეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და შეიძლება ამიტომაც არ უნდათ დამატებით რამე ტიპის კვლევის ჩატარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში.