ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მშვიდია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.ამჟამად არსებული მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანის კონტაქტი იდენტიფიცირებულია.
„ჯერჯერობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგანგაშო ვითარება არ არის. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის 9 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 5 არის დაბა სტეფანწმინდაში. ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და თვითიზოლაციაში არიან გადასულები. პარალელურად, დაბა სტეფანწმინდაში ბიოლოგიური მასალის სინჯების აღება მიმდინარეობს, რომელიც ლაბორატორიაში იგზავნება.
ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება, მათი კონტაქტები და ოჯახის წევრები არიან. ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი სამკურნალოდ არიან გადაყვანილები, ხოლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან. რაც მთავარია, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია იმისთვის, რომ რეალური სურათი ვიცოდეთ“, – განმარტავს ზაგაშვილი.