პრემიერმინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ 21 აპრილამდე იმიტომ აიკრძალა, რომ საგანგებო მდგომარეობა ამ დრომდე მოქმედებს.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების შემდეგ, სავარაუდოდ, ავტომობილების შეზღუდვაც უნდა გაგრძელდეს.
,,ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა არის პირდაპირ დამოკიდებული არა სხვა რაიმე გადაწყვეტილებაზე, არამედ, საგანგებო მდგომარეობის ვადასთან. შესაბამისად, 21-დან, როდესაც პარლამენტის თანხმობით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, პარალელურად, გაგრძელდება თუ არა ავტომობილების შეზღუდვა, ამაზე გადაწყვეტილებაც, იქვე იქნება მიღებული. სავარაუდოდ, ალბათ უნდა გაგრძელდეს.
ნებისმიერი შეზღუდვა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა ვითარება იყო ქვეყანაში. რომ არ შექმნილიყო საცობები და ადამიანები დიდი რაოდენობით არ გამოფენილიყვნენ გარეთ, 100%-იანი მტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ არ გახდებოდა საჭირო ავტომანქანებით მოძრაობის აკრძალვა… გამკაცრდება თუ არა კიდევ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, მოლოდინები იყო, რომ ეს გაცილებით ჩქარა დამთავრდებოდა, თუმცა, ეს იმედი არ გამართლდა”, – განაცხადა სუბარმა.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით უკვე მიმართა, პარლამენტი ამაზე 22-23 აპრილს იმსჯელებს. 21 მარტიდან ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომლის ვადა 21 აპრილს იწურება.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.