საგანგებო მდგომარეობა 22 მაისიდან აღარ გახანგრძლივდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე მიიღეს.

“საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომაროების  გაგრძელების მიზნით”, – თქვა გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვების ნაწილი საგანგებოს შენარჩუნების გარეშე დარჩება, რისთვისაც პარლამენტს მიმართავენ.

,,შეზღუდვების ნაწილი, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ”, – თქვა პრემიერმა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს.