ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, 16 აპრილს საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას გეგმავს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ტყეები საკუთრებით გადაეცეს.
საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში მთავრობის ინიციატივით ცვლილებები შედის.
,, “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება კი სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული.
დღეს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია იყოს ტყის ფონდის მესაკუთრე (მე–9 მუხლი), ასევე სახელმწიფოსთან ერთად, ჰქონდეს მიჩენილი ტერიტორიების მართვის უფლება. თუმცა, ტყის კოდექსი საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის მხოლოდ მიჩენის (მართვის) პროცედურებს აწესრიგებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ–ერთი მიზანი კი ტყის ტერიტორიის საკუთრების უფლებით გადაცემის პროცედურების განსაზღვრაა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ქონება შეიძლება გადაეცეს სასყიდლით. აღსანიშნავია, რომ სასყიდლით გადაცემა შესაძლოა მოხდეს სიმბოლურ ფასადაც, მათ შორის 1 ლარად.
“ტყის კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემა ხდება სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს კენჭი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით ეყარა. საბოლოო, მესამე მოსმენა კომიტეტში 16 აპრილს გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტს შესაძლებლობა ექნება ცვლილებები პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცოს”,- წერია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
TDI პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს კანონში ცლილებების შეტანა და საპატრიარქოსთვის ქონებრივი და ფინანსური პრივილეგიების მინიჭება.
“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები”, – წერს TDI.