ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განაცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმ ბიზნესების აქტიურად ამოქმედება, რომელიც დროებით შეჩერდა, მოსალოდნელი არ არის.
,,მინდა გულახდილად მოგახსენოთ, რომ გათვალისწინებით ეპიდემიოლოგიური საფრთხეებისა და იმ ვითარებისა, როდესაც პრაქტიკულად შევდივართ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზომების მიღება გვიწევს, საგანგებო ვითარების დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ დავიწყებთ ბიზნესების ამოქმედებას, იმ ბიზნესების, რომლებიც დროებით შეჩერდა და ახლა ემზადება ადრე თუ გვიან დაიწყოს მუშაობა”, — განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ,,სამაგიეროდ” , ამ დროს კომპანიების შემოწმებისთვის გამოიყენებენ.
,,სამაგიეროდ, ამ პერიოდს ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი, იმ უსაფრთხოების სტანდარტების გადამოწმება, რაც მათ უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ როგორც კი შემაკავებელი ზომების შერბილების და ეკონომიკის ამოქმედების შესაძლებლობა მოგვეცემა, ყველა მზად იყოს და შემოწმებისთვის დამატებით დრო აღარ დაგვჭირდეს,“- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხებათ ონლაინვაჭრობას, მინისტრი ამბობს, რომ მათ შემოწმებას შემდეგი კვირიდან დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობების გარდა, ყველაფერი შეჩერებულია. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები და კიდევ რამდენიმე ათეული სტრატეგიული ობიექტი.