ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დეკლარირებად აფასებს ირაკლი კობახიძის განცხადებას.
“ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება რეჟიმის სახელით, რომელიც არის საეტაპო განცხადება რა თვალსაზრისით იცით?! ღია დეკლარაციაა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა. ამ რეჟიმმა დღეს გვითხრა და უთხრა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ქომაგობენ ქართული დემოკრატიის განვითარებას, რომ ამიერიდან ყველა თქვენგანი, ვინც ჩათვლის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვსო, ვიტოვებთ უფლებას, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთო. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის თეთრზე შავზე დაწერილი განცხადება, რომელიც გაავრცელა ირაკლი კობახიძემ რეჟიმის სახელით რუსების დავალებით”,– ამბობს ნიკა მელია.
მისივე განმარტებით, რაც ახლა საქართველოში ხდება, ჰგავს იუანუკოვიჩის საქციელს.
“ახლა საქართველოში არაფერი განსხვავებული არ ხდება იმისგან, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში. რაც იკადრა იანუკოვიჩმა, მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს, როგორ დაასრულა. აქ უკვე არის ცივილიზებული არჩევანი გასაკეთებელი”,– აღნიშნავს მელია.
ოცნების თავმჯდომარემ ცოტახნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს და ამბობს, რომ “ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ”.