საგარეჯოში სროლისას დაღუპული პოლიციელი 37 წლის ოთარ ღვინაშვილია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპული პოლიციელი საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილია.

“ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის  ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.

საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის  თანამშრომელი,  4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა.  გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (იაარღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით გრძელდება” – აცხადებს შსს.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.