“საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი”,- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა აქცია გამართეს.
აქციაში მონაწილეობდნენ: ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ჩემი ქალაქი მკლავს“, „საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაცია და „ურბანული ლაბორატორია“.
როგორც აქციის მიმდინარეობისას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, შატილში მომხდარი ტრაგედიის მხოლოდ გლოვის დღედ გამოცხადება საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად დასახული გეგმები საჯაროდ უნდა გამოაცხადოს.
“ვუსამძიმრებთ დაღუპთა ოჯახებს. ერთობლივად 17 ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ავტოკატასტროფით ყოველწლიურად 500 ადამიანი იღუპება, 8000-მდე კი იღებს სხეულის დაზიანებას. მხოლოდ გლოვის დღედ გამოცხადება არ არის საკმარისი, ხელისუფლებამ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად დასახული გეგმები საჯაროდ უნდა გამოაცხადოს. აქციის მიზანია საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გახდომა, შეიქმნას საკოორდინაციო სისტემა ისეთივე რესურსების მობილიზებით, როგორც დღეს კორონავირუსს ვებრძვით. საგზაო შემთხვევებში დაღუპულობა არ არის ნაკლები პანდემია. სახელმწიფოს აქტივობები საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად არ არის საკმარისი”, – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 3.
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.