მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, ე.წ კომენდანტის საათი 22 მაისამდე გაგრძელდება. მისი თქმით, ამ შეზღუდვას მობილობის შემცირების ფუნქცია აქვს.
,,მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის ვადამ 22 მაისის ჩათვლით გადაიწია. ეს ნიშნავს, რომ მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რაც არ მოგვიხსნია. 27 აპრილს რაც მოვხსენით, აღარ მოქმედებს. დანარჩენი ყველაფერი, მათ შორის, კომენდანტის საათი მოქმედებს. კომენდანტის საათის მოქმედებას, ისევე როგორც სხვა შეზღუდვების მოქმედებას, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, აქვს ერთდაერთი, უმთავრესი მიზანი – მობილობის შემცირება”, – უთხრა მეზვრიშვილმა რუსთავი 2-ს.
შეგახსნებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი – 21:00-დან 06:00-მდე გარეთ ყველანაირი გადაადგილება იკრძალება.
27 აპრილიდან ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა, ამიტომ მოიხსნა მანქანების და ტაქსების მოძრაობის აკრძალვა, ასევე, გაიხსნა ღია აგრარული ბაზრები და მუშაობის უფლება მიეცა ონლაინ სერვისებს.