სადამკვირვებლო ჯგუფის ოპოზიციასთან აფილირება არანაირი პრობლემა არ არის – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ეხმიანება “ოცნების” განცხადებას, რომ გარკვეული სადამკვირვებლო ორგანიზაციები დაკავშირებული არიან ევროპულ საქართველოსთან და ნაციონალურ მოძრაობასთან.

ბოკერიას აზრით, სადამკვირვებლო ჯგუფის აფილირებ რომელიმე პარტიასთან, მით უმეტეს, ოპოზიციასთან, არანაირი პრობლემა არ არის.

“პრობლემაა, თუ ეს ჯგუფი ან ადამიანი კანონდარღვევას სჩადის. პრობლემა არის ის, რაც ხდება არა ოპოზიციის ან თუნდაც მათთან დაკავშირებული რომელიმე ჯგუფის მიერ არჩევნების დროს, არამედ რასაც აკეთებს მთავრობა მისი კომისიის წევრებითა და დაკავშირებული პირებით – ძალადობა, ჩაყრა, კარუსელი, მანიპულაცია.

თუ საზოგადოების მოტყუებაზეა საუბარი, აქ არაფერი დამალული არ არის, ეს ყველაფერი საჯაროა – ამ ჯგუფებიდან ერთ-ერთი ჯგუფის დამფუძნებელი ჩვენი პარტიის წევრი იყო მაშინაც და ეს ყველამ იცოდა, გამგეობის წევრი არის. პრობლემაა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის ნეიტრალურ წევრებად წარმოაჩენ და უმრავლესობის ნებით ნიშნავ ხალხს, რომელიც საჯაროდ ცნობილია, რომ აღმასრულებელი ვერტიკალის ნაწილია და გემორჩილება. როცა მთავრობა ხარ და ასეთ ჯგუფებს აძლევ ფულს, საბჭო რომ აქვთ ცესკოში შექმნილი, რომლებსაც წარმოაჩენ ნეიტრალურად, აი, ეს არის პრობლემა”,– განაცხადა ბოკერიამ.

“ქართული ოცნების” განცხადებით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათი მტკიცებით, აქედან 12 ორგანიზაცია ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული, 3 კი ევროპულ საქართველოსთან.