საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ქ. თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და მის შემდგომ რეალიზაციას.
გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები”,– აცხადებს უწყება.
მათივე ცნობით, ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.