სად გაქრა რუსეთის თავდაცვის მინისტრი–Washington Post–ის ცნობით ის ამერიკელი კოლეგის ზარებსაც არ პასუხობს

ამერიკული გაზეთი Washington Post წერს, რომ ამერიკული არმიის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის ჩათვლით, მრავალჯერ სცადა სპეციალური არხით რუსეთის თავდაცვის მინისტრს,  სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს დაკავშირებოდა. თუმცა რუსული მხარე საუბრის ყველა მცდელობას უარყოფს.

ამერიკული მხარე ამბობს, რომ ასეთი საუბრები ორ უმსხვილეს ბირთვულ ზესახელმწიფოს შორის საჭიროა, რათა რაიმე გაუგებრობა, არასაჭირო ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული და იყოს საშუალება ნებისმიერი საკითხი პირდაპირ იქნას განხილული გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით მიმდინარე სამხედრო მოქმედებების პირობებში.

მანამდე რუსულმა მედიამ გაამახვილა ყურადღება, რომ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საჯარო სივრცეში 11 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა. გამოცემა “სააგენტო“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ შოიგუს გულის პრობლემები აქვს. თუმცა, ექსპერტების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ შოიგუ და გერასიმოვი შინაპატიმრობაში არიან. მიზეზად სახელდება როგორც პუტინის უნდობლობა მათ მიმართ, ასევე უკრაინაში რუსული სამხედრო კამპანიის კრახი.

განახლება:

შოიგუს გაუჩინარების შესახებ გაჩენილი ჭორების შემდეგ კრემლის მიერ კონტროლირებადმა მედიამ ის “გამოაჩინა“.

“რია ნოვოსტი“–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით პუტინმა დღეს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან თათბირი ჩაატარა და შოიგუმ მას “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობის, ჰუმანიტარული დახმარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და “გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ანგარიში ჩააბარა.

ასევე გავრცელდა კადრები,  სადაც ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარე სხდომაზე ერთ–ერთ ვიდეოსაკრმელში სერგეი შოიგუ ჩანს.