სად და ვინ გაიტანა 2023 წელს თბილისის აეროპორტის გავლით საქართველოდან 2 მილიარდამდე დოლარი და ევროს ნაღდი ფული და არის თუ არა ამ ყველაფერთან რუსეთი დაკავშირებული.
საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებს საქართველოს ინტერესებით ხსნის. ის ამბობს, რომ რუსული ბაზარი, რუსი ტურისტები, პირდაპირი ფრენები, ჩვენს ეკონომიკურ ზრდას ემსახურება. თუმცა, ვინ უფრო ხეირობს ამ ურთიერთობებით – საქართველო თუ რუსეთი, ამ კითხვაზე პასუხი შესაძლოა ქართული ოცნების ვერსიისგან განსხვავებული იყოს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მუდმივად ჩნდება კითხვა, ხომ არ ეხმარება საქართველო რუსეთს სანქცების გვერდის ავლაში და მისი პრობლემების მოგვარებაში. ახლა კიდევ ერთ მიმართულებაზე მოგიყვებით, რომელშიც საქართველო შესაძლოა რუსეთისთვის მაშველი რგოლია.
საქმე ისევ უკიდურესად დახურული სფეროს ეხება და ინფორმაციის მოპოვება რთულია, თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებული ციფრები გარკვეულ ინფორმაციას იძლევა, კიდევ რაში შეიძლება ეხმარებოდეს საქართველო რუსეთს. ფაქტი ერთია, რომ საქართველოს საზღვრებიდან მილიარდობით დოლარი გადის. ვის მიაქვს და სად ნაღდი, ეს ჩვენთვის უცნობია. თუმცა, არსებობს ლოგიკური ვარაუდები.
- ‘‘მილიარდობით დოლარის და ევროს კუპიურები სანქციების მიუხედავად რუსეთში აღწევს” – ამ სათაურით გამოაქვეყნა როიტერმა ექსკლუზიური ინფორმაცია 12 აგვისტოს.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ევროს და დოლარის ბანკნოტების ექსპორტი 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე აკრძალეს. თუმცა, საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიქცია იმან, რომ როგორც გაირკვა, რომ ეს ბანკნოტები რუსეთში მაინც ხვდება. გარდა იმისა, რომ რუსეთს ზოგიერთი სავაჭრო ოპერაციისთვის ნაღდი ფული დოლარის და ევროს სახით მაინც სჭირდება, რუსეთის მოქალაქეებს დღემდე უფრო სანდო ვალუტად დოლარი და ევრო მიაჩნიათ და დანაზოგის ამ ვალუტებში გაკეთებას ამჯობინებენ და სამოგზაუროდაც ეს ვალუტები ესაჭიროებათ.
ევროკავშირმა და აშშ–მ 2022 წელს აკრძალეს ევროს და დოლარის ბანკნოტების ექსპორტი რუსეთში. თუმცა, ამის მიუხედავად რუსეთი მათ იმპორტირებას განაგრძობს. მართალია ნაკლები მოცულობით, მაგრამ მაინც, ნაღდი ფულის გამოყენება კვლავ უფრო ხელსაყრელია ზოგიერთი სავაჭრო ოპერაციებისთვის. ზოგიერთი საიმპორტო პროდუქტი კვლავ რუსეთის სახელმწიფო სამხედრო კომპანიების სავაჭრო ოპერაციებისთვის გამოიყენება. რუსეთმა დოლარს და ევროს ტოქსიკური 2022 წელს უწოდა, რადგან მაშტაბურმა სანქციებმა მას მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე წვდომა მოუსპეს, რამაც გაართულა გადახდები და ვაჭრობა. რუსეთის ბანკის სავალუტო რეზერვების დაახლოებით 300 მილიონი დოლარი ევროპაში გაიყინა.
საბაჟო მონაცემების მიხედვით, რომელსაც როიტერი გაეცნო, მას შემდეგ, რაც აშშ–მ და ევროკავშირმა რუსეთში 2022 წლის მარტში საკუთარი ბანკნოტების ექსპორტი აკრძალეს, რუსეთში დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო და დოლარის კუპიურები გაიგზავნა.
ეს ციფრები აჩვენებს, რომ რუსეთმა მოახერხა სანქციების გვერდის ავლა, რომელიც ნაღდი ფულის იმპორტს ბლოკავს, და ვარაუდობენ, რომ დოლარი და ევრო სასარგებლო ინსტრუმენტებად რჩება ვაჭრობისა და მოგზაურობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ცდილობს შეამციროს მისი დამოკიდებულება მყარ ვალუტებზე.
საბაჟო მონაცემები, რომლებიც მიღებულია კომერციული მიმწოდებლებისგან, რომელიც აღრიცხავს და აგროვებს ინფორმაციას, აჩვენებს ნაღდი ფულის ტრანსპორტირებას რუსეთში ქვეყნებიდან, მათ შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და თურქეთიდან, რომლებსაც არ შემოუღიათ შეზღუდვები რუსეთთან ვაჭრობაზე. ჩანაწერებში არ არის მითითებული საერთო თანხის ნახევარზე მეტის წარმოშობის ქვეყანა.
როიტერი უფრო გვიანდელ პერიოდზე მონაცემებს არ ფლობს. როიტერის წყარო ამბობს, რომ ოფიციალურ მონაცემებში აშკარად ბევრად ნაკლებია ასახული, ვიდრე რეალური, ფაქტობრივი სავალუტო ნაკადებია.სტატიაში როიტერი იკვლევს, ვინ შეიძლება იყოს რუსეთში ევროს და დოლარის ბანკნოტების მიმწოდებელი. უცხოური ვალუტის ყველაზე მსხვილი დეკლარანტი ნაკლებადცნობილი კომპანია აერო თრეიდია, რომელიც უბაჟო ვაჭრობის მომსახურებებს სთავაზობს კლიენტებს აეროპორტებში და თვითმფრინავების ბორტებზე. ამ პერიოდში მან დაადეკლარირა დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის კუპიურები მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტის საბაჟოზე 20 მილიონი ევროს და დოლარის პორციებით. მიწოდებები აღიწერა საბაჟო დეკლარაციებში როგორც გადაცვლა, ან ბორტებზე ვაჭრობიდან მიღებული თანხა.
შემთხვევების უმრავლესობაში აერო ტრეიდი მითითებული იყო მხოლოდ როგორც დეკლარანტი, რომელიც ამზადებს და წარადგენს საბაჟო დოკუმენტაციას. როიტერმა ვერ მოახერხა მისი კლიენტების იდენტიფიცირება და ვერ მოახერხა დაედგინა ნაღდი ფულის წყარო ან დანიშნულების ადგილი.
თუმცა, კომპანიის მფლობელმა, არტიომ მარტინიუკმა როიტერს უთხრა, რომ ეჭვი ეპარება საბაჟო ჩანაწერების ნამდვილობაში. მან კომენტარზე უარი თქვა. განცხადებაში კი კომპანიამ დაწერა, რომ აერო ტრეიდი რუსეთში მყარი ვალუტის მიწოდებით არ არის დაკავებული.
როიტერი სტატიაში სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, საიდანაც ცხადი ხდება, რომ რუსეთი ცდილობს იმ სანქციების გვერდის ავლის გზები მოძებნოს, რომლებიც ნაღდი ფულის რუსეთში იმპორტს ბლოკავს. როიტერის ინფორმაციით, ერთ–ერთი მაგალითი ევროსა და დოლარის ბანკნოტების მოსაპოვებლად ძვირფასი მეტალების გამოყენებაა, თუმცა, ამ არალეგალური არხების მოძებნა და შენარჩუნება რუსეთისთვის სულ უფრო ძნელი ხდება.
როიტერის სტატიის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, შეიძლება თუ არა, საქართველო ამ რთულ ვითარებაში რუსეთისთვის მაშველი რგოლი იყოს. მითუმეტეს, რომ ამის გაკეთებაში მას ხელს არაფერი უშლის. ხვდება თუ არა საქართველოდან რუსეთში დიდი რაოდენობით ევროს და დოლარის კუპიურები? ამ კითხვაზე პასუხი უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი, რადგან რუსეთს ამის გაკეთებაში ხელს არაფერი უშლის. ჩვენს მიერ მოპოვებულმა მონაცემებმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ეჭვები საფუძვლიანი იყო.
ოფიციალურად საქართველოს საზღვრებზე ნაღდი ფულის ტრანსპორტირება აკრძალული არ არის. რაოდენობა შეუზღუდავია. დეკლარირება სავალდებულოა მხოლოდ ერთბაშად 30 ათას ლარზე მეტი თანხის გატანისას და შემოტანისას. რუსეთის მოქალაქეებისთვის ისეთივე რეჟიმი მოქმედებს, როგორიც ყველა დანარჩენისთვის. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში თავისუფლად შემოაქვთ და გააქვთ თანხები ნაღდი ფულის სახით, ნებისმიერი ვალუტით.
იმისათვის, რომ დაახლოებით მაინც შეგვექმნა წარმოდგენა, რა მოცულობის თანხებზე შეიძლება იყოს საუბარი, ფინანსთა სამინისტროს მივმართეთ ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დეკლარირებულად შემოტანილი და გატანილი რუსული რუბლის, დოლარის და ევროს რაოდენობის შესახებ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ჩვენი ინტერესის სფერო 2022 –23 წლები იყო, თუმცა შესადარებლად წინა პერიოდიც გამოვითხოვეთ.
სრული სურათის წარმოსადგენად ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია რამდენიმე საბაჟო პუნქტიდან. ესენია: თბილისის აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტი,ყაზბეგის, წითელი ხიდის, სადახლოს, ვალეს და ნინოწმინდის სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტები.
2020 წელი პანდემიური წელი იყო და ფრენები ფაქტობრივად შეწყვეტილი. შესაბამისად, შედარებისთვის 2021 წელი ავიღეთ, რადგან ამ წლის დასაწყისიდან ფრენები საქართველოში აღდგა.
ფინანსთა სამინისტრომ მოგვწერა, რომ მოცემულ თანხებში შედის ფიზიკური და იურიდიული პირების, მათ შორის ლიცენზირებული საფინანსო დაწესებულებების მიერ საზღვარზე დეკლარირებული თანხები. ეს მონაცემები არ აცალკევებს თანხების შემოტანას და გატანას ქვეყნების და მოქალაქეობის მიხედვით, თუმცა გარკვეული დამთხვევები ლოგიკური ახსნის საშუალებას გვაძლევს.
ყველაზე შთამბეჭდავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემები აღმოჩნდა.
2020 წელს აქ შეზღუდული საჰაერო მიმოსვლის გამო ნაღდი ფულის შეტანა და გატანა მინიმალური იყო.ამიტომ, შედარება 2021 წლიდან დავიწყეთ, როცა საქართველოში საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ამ წელს შემოტანილი და გატანილი თანხები თბილისის აეროპორტში ასე გამოიყურება:
- ევრო – შემოტანა: 5 487 520,00; გატანა: 63 748 918,00
- რუბლი- შემოტანა: 314 765 651,00; გატანა: 3 467 726 200,00
- დოლარი- შემოტანა: 141 191 397,50; გატანა: 298 795 872,89
სურათი რადიკალურად იცვლება 2022 წელს. ნახტომისებურად იზრდება საქართველოში შემოტანილი ევროს, რუსული რუბლის და დოლარის მოცულობა, ისევე, როგორც გატანილი თანხები:
- ევრო – შემოტანა: 77 824 404; გატანა: 51 595 097
- დოლარი – შემოტანა: 868 857 760; გატანა: 753 372 821
- რუბლი – შემოტანა: 12 188 293 768,00; გატანა: 43 615 713 740,00
2022 წელი არის პერიოდი, როცა რუსეთიდან საქართველოსკენ ათობით ათასი ადამიანი დაიძრა როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებიდან. მათი დიდი ნაწილი ხანგრძლივად დარჩენის მიზნით. ეს არის ერთადერთი წელი, როცა საზღვარზე დეკლარირებული შემოტანილი ევრო და დოლარი გატანილს აღემატება. თუმცა, მკვეთრად არის გაზრდილი ერთიც და მეორეც და ეს დიდი ალბათობით რუსეთს უკავშირდება. ამ წელს თბილისის აეროპორტის საბაჟოს გავლით 868 მილიონი დოლარის შემოტანა და 753 მილიონი დოლარის გატანა დადეკლარირდა. ამავე წელს მნიშვნელოვნად – 2 მილიარდნახევრიდან 43 მილიარდნახევრამდე გაიზარდა რუბლის გატანა. ჩვენთვის უცნობია,რა შეიძლება იყოს შემოტანილი და გატანილი თანხების წარმომავლობა და მიზნობრიობა.ან მათი მოულოდნელად ზრდის მიზეზი.
ექსპერტები რამდენიმე ვერსიას ასახელებენ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს შემოტანილი და გატანილი თანხების ნაწილი:
- ეროვნული ბანკის რეზერვების შემოტანა
- საბანკო ინკასაცია
- ბიზნესის მიერ ნაღდი ფულის შემოტანა და გატანა.
თუმცა ვერაფერი ხსნის თანხის იმ მოცულობას, რომლის გატანა თბილისის აეროპორტში 2023 წელს დაფიქსირდა.
თუ წინა წელს თბილისის აეროპორტში 868 მილიონი დოლარის შემოტანა დადეკლარირდა, 2023 წელს შემოტანილი დოლარის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა და 385 მილიონი დოლარი შეადგინა. სამაგიეროდ, 753 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ 869 მილიონ დოლარამდე გაიზარდა გატანილი ნაღდი ფულის მოცულობა. ასევე შემცირდა შემოტანილი ევროს რაოდენობა 77 მილიონიდან 50 მილიონამდე, სამაგიეროდ გატანა პრაქტიკულად გასამმაგდა – 51 მილიონიდან 164 მილიონამდე. ჯამში თბილისის აეროპორტიდან გასული დეკლარირებული ევროს და დოლარის მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდს მიაღწია. რა მოხდა 2023 წელს : საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი ის არის, რომ 2023 წელს რუსეთ საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგა და რეისების რაოდენობა დიდი სისწრაფით გაიზარდა. ამ ციფრების სხვა ახსნას ჯერჯერობით არავინ გვთავაზობს.
2023 წელს:
- ევრო- შემოტანა: 50 244 189,00; გატანა: 164 555 196,01
- რუბლი შემოტანა: 11 421 586 422,00; გატანა: 45 299 298 148,80
- დოლარი – შემოტანა: 385 833 151,76; გატანა: 1 869 683 755,82
რას ნიშნავს ეს ციფრები და საქართველოდან გასული ევროს და დოლარის კუპიურების რა ნაწილი მოხვდა რუსეთში. ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ინფორმაციას არ გვაძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ სრული ინფორმაცია გვექნებოდა, მათ შორის ეროვნული ბანკისგან, რა თანხები ბრუნავს რუბლის სახით საქართველოს საბანკო სექტორში, რა რაოდენობის რუბლი დაკონვერტირდა საქართველოში სავალუტო ჯიხურებში და ბანკებში, რა წილი მოდის საქართველოდან გასულ თანხებში საბანკო ინკასაციაზე და რა მოცულობის ტრანზაქციები აქვთ ქართულ ბანკებს რუსულ ბანკებთან, ბევრ კითხვაზე პასუხის მოძებნა უფრო მარტივი იქნებოდა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ეროვნულმა ბანკმა არცერთ ჩვენს კითხვას არ უპასუხა. შესაბამისად, ჩვენ დღეს კითხვები უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე პასუხები, და ეს კითხვები უფრო მეტია, ვიდრე ამ თემაზე მუშაობის დაწყებისას გვქონდა.
ფაქტი ის არის, რომ რუსეთს ევროს და დოლარის კუპიურები სჭირდება, თუმცა ლეგალური გზით მათი მოპოვება არ შეუძლია. საქართველოდან კი პრაქტიკულად გზა ხსნილი აქვს და ეს გზა ჩვენი კანონმდებლობით სრულიად ლეგალურია.
სულ ამ წელს თბილისის აეროპორტში 15 მილიონი ევრო შემოვიდა, 17 მილიონი კი გავიდა.
დადეკლარირდა 890 მილიონი რუსული რუბლის შემოტანა და 2 მილიარდ 539 მილიონი რუსული რუბლის გატანა.
რაც შეეხება დოლარს, სულ ამ წელს თბილისის აეროპორტის საბაჟოზე 54 მილიონი დოლარის შემოტანა და 187 მილიონი დოლარის გატანა დადეკლარირდა.სავარაუდოდ ეს დიდწილად საბანკო ინკასაციის და იურიდიული პირების თანხები იყო.
- ევრო- შემოტანა: 15 100 495,00; გატანა: 17 047 273,00
- რუბლი- შემოტანა: 890 287 800,00; გატანა: 2 539 165 600,00
- დოლარი: შემოტანა: 54 031 462,00; გატანა: 187 963 760,00
შეეცადა თუ არა რუსეთი ჩინეთთან შექმნილი იმპორტის პრობლემები საქართველოდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან დაებალანსებინა. სხვადასხვა უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსმა იმპორტიორებმა შვილობილი კომპანიების გახსნა დაიწყეს შუა აზიის ქვეყნებში, რათა იქაური ბანკებიდან გადაერიცხათ ფული ჩინეთში, ტვირთი კი რეალურად რუსეთში წასულიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მცდელობები მალევე აღიკვეთა, რადგან ზაფხულში ჩინურმა ბანკებმა მოითხოვეს ყაზახური და ყირგიზული კომპანიებისგან, რომ ტრანზაქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებდნენ, თუ ტვირთი იმავე ქვეყანაში იგზავნებოდა, საიდანაც თანხა გადაირიცხა. საქართველო ამ შემთხვევაში არსად უხსენებიათ, თუმცა ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ იყო იგივე მცდელობები საქართველოს გავლითაც. ამაზე გარკვეულ ინფორმაციას მოგვცემდა საბანკო გადარიცხვების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით, მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, ხომ არ მოხდა2024 წლის იანვრიდან საქართველოდან ჩინეთში საბანკო გადარიცხვების მოცულობის ზრდა. თუმცა ეროვნულმა ბანკმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
რას და რატომ მალავს ეროვნული ბანკი.
რუსეთის ბანკის სავალუტო რეზერვების დაახლოებით 300 მილიონი დოლარი ევროპაში გაიყინა.
საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა 4,195,723 (68%) სახმელეთო ტრანსპორტის მეშვეობით
განხორციელდა, შემდეგ ადგილზეა საჰაერო ტრანსპორტი 1,921,872 (31.1%), საზღვაო და სარკინიგზო გზით ვიზიტების რაოდენობამ, შესაბამისად 28,724 (0.5%) და 25,221 (0.4%) შეადგინა. ყველაზე დატვირთული საზღვარია სარფის სასაზღვრო