რა ხდება უკრაინის ფრონტზე მას შემდეგ, რაც რუსებმა ხერსონი დატოვეს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ამბობს, რომ რუსული ძალები დემორალიზებამ მაღალ მაჩვენებლს მიაღწია, უკრაინელები კი შემდეგი შეტევისთვის ემზადებიან:
“- ხერსონის დატოვების შემდეგ რუსებმა მელიტოპოლის (ზაპორიჟიას ოლქი) და მარიუპოლის (დონეცკის ოლქი) გამაგრება დაიწყეს. მელიტოპოლი მათი მომარაგებისა და ტრანსპორტირების კვანძი და ცენტრია, ხოლო მარიუპოლი საზღვაო გზით მომარაგებისა და ჩრდილოეთით, უჰლედარის მიმართულებით სამხედრო აქტივობებისათვის გამოიყენება. ამასთან, ხერსონიდან გაყვანილი კოლაბორაციონისტებიც მელიტოპოლს მიაშურებენ – რუსებს ქალაქის სრული რუსიფიკაცია და პარტიზანული აქტივობების ამით შეზღუდვა აქვთ გადაწყვეტილი.
– უკრაინელთა შემდგომი შეტევა ლოგიკურია რომ ზაპორიჟიას რაიონში განვითარდეს. გარკვეული ძვრები უკვე შეინიშნება კიდეც. პოლოჰი, ვასილივკას და ტოკმაკი საკვანძო ქალაქებია, რომელთა გათავისუფლების შემთხვევაში გზები ენერჰოდარის, მელიტოპოლის და საპორტო ქალაქების – მარიუპოლისა და ბერდიანსკისაკენ იხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ხერსონის გამათავისუფლებელ ნაწილებს ახლა დასვენება ესაჭიროებათ, რუსების მდგომარეობა ამ მხრივ კრიტიკულია. სრული დემორალიზების ფონზე ხერსონიდან გაქცეული დანაყოფების მხრიდან ყოველგვარი სერიოზული აქტივობა ნაკლებად სავარაუდოა, რამდენიმე კვირა მაინც. უკრაინის უპირატესობა სწორედაც ისაა, რომ მას შედარებით დასვენებული და გაწვრთნილი სამხედროები ბევრი ჰყავს, ხოლო ბრიტანეთიდან დამატებითი გადამზადებული ნაწილები კვლავ მოდიან.
თუმცა, მეორეს მხრივ ახლა ზამთარი მოდის და გადაჯგუფება მიმდინარეობს. შესაბამისად ახალი მასშტაბური ოპერაცია როდის დაიწყება არავინ იცის. დიდ შეტევას დიდი მომზადება და ლოჯისტიკის გამართვაც სჭირდება, რაც ზამთრის პირობებში უფრო რთული ამოცანაა.
– უკრაინულმა არტილერიამ აქტიურად დაიწყო რუსული პოზიციების დამუშავება მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით. ახლა უკვე ყველა სამიზნე ძალიან ადვილად იქნება განადგურებული. კარგი მაგალითია შავი ზღვის ოკუპირებული ქალაქი სკადოვსკი, რომელშიც დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა. უკრაინული არტილერია და დრონები შორეულ სამიზნეებს კიდევ უფრო ადვილად სწვდება. ამასთან, უკრაინული აქტივობის საპასუხოდ რუსებს მოქმედების თავისუფლება ამ ეტაპზე შეზღუდული აქვთ – ტექნიკის ის დანაკარგები რომლებიც მათ წინაშეა – შევსებას საჭიროებენ. ეს კი ადვილად გადაჭრადი ამოცანა არაა.
– მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებით (დონეცკის ოლქი) ცვალებადია. ინიციატივები ხელიდან ხელში გადადის, მაგრამ რუსების მცდელობა განეხორციელებინათ ეფექტური იერიშები ოპიტნეზე და სამხრეთიდან გამიჯნებოდნენ ბახმუტს – ჩავარდა. ამჟამად, შეტაკებები ივანჰრადში მიმდინარეობს და ინიციატივა უკრაინელთა ხელშია. რაც შეეხება ბახმუტის აღმოსავლეთს – ამ მიმართულებიდან იერიშებს რუსები ცდილობდნენ, თუმცა წინსვლა ვერ მოახერხეს. ბრძოლა კვლავ ქალაქის მიღმა მიმდინარეობს.
– დემორალიზებამ იმდენად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია რუსულ არმიასა და მობილიზებულ ნაწილებში რომ ურთიერთდაპირისპირებამ იმატა. როგორც ჩანს ეს მხოლოდ დასაწყისია.