ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც ივანიშვილის ბოლო წერილს ეხებოდა, სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ივანიშვილი “პარტიულ მედიაზე“ საუბრობს. მას გვარამიას გვარი არ უხსენებია, თუმცა ტექსტში ნათლად ჩანს, რომ ის მთავარი არხის დამფუძნებელს გულისხმობს. ნიკა გვარამიამ ივანიშვილის წერილს ასეთი კომენტარი მიუძღვნა:
“ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ივანიშვილს პრაქტიკულდ უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედი მისი მოციქული”.
ამ განცხადებას პროტესტი მოჰყვა რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან სხვადასხვა პარტიიდან. მათ გვარამიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს:
აჰმედ იმამყულიევი, ევროპული საქართველოს წევრი:
მიერ მოყვანილი მაგალითი (შედარება) (ხუმრობითაც კი) ჩემთვის და ყველა მუსლიმისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი! მე ვგმობ ასეთ ქმედებას და მივუწოდებ ნიკას რომ ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე!
მარნეულის ყოფილი მერი, ქართული ოცნების წევრი, ახალი მოწვევის პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი:
“სააკაშვილის გუნდისა და რადიკალური ოპოზიციის წევრების მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი რელიგიურ- ეთნიკიურ კონტექსტში დისკრიმინაციულ განცხადებას აკეთებენ.
ნიკა გვარამია იძულებული იქნება ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა და მთელი მუსულმანური სამყარო შეურაცხყო.“
ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, სამირა ისმაილოვა:
“მესმის, რომ ნიკა გვარამიასათვის მიხეილ სააკაშვილი ღმერთია და თავი, მის მიერ მოვლენილი მესია ჰგონია… შეიძლება მათ ძალიან უნდათ თავი ღმერთად და მესიად წარმოაჩინონ, მაგრამ არც სააკაშვილია ალაჰი და არც გვარამია მისი მოციქული. გვარამია, კი მსგავსი, ვითომ ნახევრად “ხუმრობით” ნათქვამი გამოსვლებით, საქართველოს ათიათასობით მუსლიმი მოქალაქის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს.
არ შეიძლება ერთი ადამიანის თვალში პლიუსის დასაწერად მსგავსი შედარება გამოიყენო!
გვარამიამ ნამდვილად უნდა მოიხადოს ბოდიში ჩემს, ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და სხვა მუსლიმების წინაშე, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა და ვისი რელიგიური გრძნობებიც შეურაცხყო!“
მისი განცხადების ამგვარმა ინტერპრეტაციამ ნიკა გვარამიას მწვავე რეაქცია გამოიწვია. მან ბრალდებებს ფეისბუქზე უპასუხა:
“სად იყავით თქვე ნაძირლებო, მთავარი და პირადად მე რომ ვაპროტესტებდით, ქრისტიანების შეკრება თუ შეიძლება კოვიდის დროს, მუსლიმების რატომაა აკრძალული ნოვრუზ ბაირამის დროსთქო?
სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, მუსლიმური მარნეულის ყველა კუთხე-კუნჭულს მღვდლები ქრისტიანულად რომ აკურთხებენ, როგორ შეიძლებათქო?
სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?
სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების მოხეში ჩაგვრის წინააღმდეგ ან ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაბლოკვის გამო?
ან ახლა სად ხართ, თქვე ნაძირლებო, გურიაში მუსლიმების ლამის რეპრესიები რომ მიდის და 24 საათიან რეჟიმში რომ იბრძვის მთავარი მათი უფლებების დასაცავად?
სად იყავით? თქვით რამე? დაიცავით თქვენივე თემის ინტერესები, ან თქვენივე რწმენის სხვა თემის ინტერესები?!
თუმცა რა კითხვა უნდა: იყავით და ხართ სუსის დავალებების შესრულების რეჟიმში. აი მანდ იყავით, ხართ და დარჩებით. ხო, დარჩებით, იმიტომ რომ სუსის ვირთხებს სხვა მომავალი არა აქვთ. ხოლო რელიგიური შუღლის გამღვივებლებს (რაც მძიმე დანაშაულია), მომავალი ციხის კამერაში აქვთ.
ps გაქოცებულ ნაცებზე გულისამრევს ჯერ არაფერს გაუვლია ამ ქვეყანაში. მყრალი ღამურები. დარგალი, მოპარული არჩევნებით აწ უკვე ქოცი დეპუტატი, ისმაილოვა – სუსთან კავშირ შეკრული, ქოცების ფულებზე დამჯდარი და ბოლნისის მერიის და საკრებულოს თავისი სადაქალოთი დამკომპლექტებელი“– დაწერა გვარამიამ ფეისბუქზე.
მოგვიანებით გვარამიას მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა ევროპული საქართველოს წევრმა, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ:
“11 იანვარს ტელეკომპანია მთავარის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას, რომელიც კრიტიკულად განწყობილ მედიასაც მიემართებოდა თქვა:
„…ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია.“
აღნიშნულ კომენტარს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გულისწყრომა მოჰყვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით და მოითხოვენ გვარამიამ ბოდიში მოიხადოს.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული განცხადების შინაარსში არ იკვეთება რელიგიური ქვეტექსტი/ მოცემული კომენტარი ალეგორიულად აჩვენებს კონკრეტული მისიის შესრულების ფორმას და მას არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის ან მუსლიმების მიმართ.
არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენ გავიაზროთ სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის და დემოკრატიული პროცესებისთვის. ის ერთნაირად უნდა იცავდეს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტს, მათ შორის მედია საშუალებებს. ჩემი აზრით, ეს კომენტარი უნდა განვიხილოთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჭრილში.
საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას ამ გამოხატვასთან დაკავშირებული გამოხმაურებები იმ ცალკეული პირების მხრიდან გაჟღერდა, რომელთა ხმა არასდროს ამოუღიათ რელიგიური დისკრიმინაციის, დევნისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან შემთხვევებზე და არც მუსლიმი თემის ან სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოუხატავთ საჭირო დროს სოლიდარობა.
სწორედ ამიტომ მათ განცხადებებს პოლიტიკური მიზანი და სარჩული უფრო აქვს და როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზნით ცდილობენ რელიგიური გრძნობების გამოყენებას“– წერს ტარიელ ნაკაიძე.
ნიკა გვარამიამ მისი სტატუსის გარშემო ატეხილ ხმაურს მოგვიანებით კიდევ ერთი სტატუსით უპასუხა:
“წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ჩავედი ჩინეთში. თან მახლავს სოფო, რომელიც კარგად ფლობს ჩინურს. სადაც რამის შეკითხვა ან თქმა მინდა, ყველგან ის მითარგმნის.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთხელაც ამ ისტორიას ვყვები, ვთქვათ ნანუკას შოუში, და ვამბობ: აი, ასე შემოვიარეთ მე და სოფომ ნახევარი ჩინეთი მოსე და აარონივითთქო.
და ამის მერე რა ხდება? ებრაული თემი გადაირევა და ზედ ქრისტიანული მიყვება?
უკაცრავად, და გამოხატვის თავისუფლებაში რომ ჯდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს ამ წამს. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სად ამოიკითხეთ, ხო კარგად ხართ? მიშა ალაჰს და ჩემი თავი მუჰამედს კი არა, ივანიშვილის მიერ დახატული მიშას და ჩემი ურთიერთმიმართება შევადარე ღმერთის და მოციქულის ურთიერთმიმართების პარადიგმას.
მზად ვარ, ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს ჩემი გამონათქვამი და, მიუხედავად იმისა, გამოხატვის თავისუფლებაში რომ სრულად ჯდება, დაადგინოს რელიგიური გრძნობების კუთხით დავარღვიე თუ არა თუნდაც მაქსიმალური სტანდარტი.
ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი არ მეგულება ამ ქვეყანაში ჩემზე ტოლერანტული, განსაკუთრებით რელიგიის კუთხით, და ჩემზე და ჩემს არხზე მეტად მებრძოლი, განსაუთრებით რელიგიური უმცირესობების დასაცავად.“– წერს გვარამია ფეისბუქზე.