პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის თქმით, ბავშვები, რომლებსაც ნინოწმინდის პანსიოდანი გამოიყვანენ, უნდა გადაიყვანონ საკუთარ ოჯახებში და მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.
“პირველ რიგში საკუთარ ოჯახებში [უნდა გადაიყვანონ], ჩვენ ვიცით, რომ ამ ბავშების დიდ უმრავლესობას ჰყავს ოჯახი და ოჯახიდან გამოყვანა მოხდა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. სახელმწიფოს ჩარევა არის აუცილებელი, იმიტომ რომ თუ ოჯახი იმიტომ ამბობს უარს ბავშვზე, რომ არ აქვს ბინის ქირა, საკვების ფული, ბავშვის გაზრდის ფული, სახელმწიფომ ეს ფული მას უნდა მისცეს. ამას ჰქვია ოჯახის გაძლიერება. ამიტომ პირველ რიგში უნდა მოიძებნოს ყველა ბავშვის ოჯახი და თუ რამე აკლია და დახმარება უნდა, დაეხმარონ რომ ბავშვები დაბრუნდნენ”,- ამბობს არგანაშვილი TV პირველის ეთერში.
მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია ბავშვების გადაყვანა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მაგალითად, მინდობით აღზრდაში.
არგანაშვილი აღნიშნავს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვები კვლავ ბავშვთა სახლში გადაიყვანონ.