“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარლამენტის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მირ გავრცელებულ განცხადებაში.
“2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს, სადაც 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი მოხვდება. პროპორციულ ნაწილში 1%-იანი ბარიერი უკეთეს შანსს აძლევს მოქალაქეებს, რომ მათი ხმა აისახოს მანდატებში.
მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, კოვიდწესების ზედმიწევნით დაცვით, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, ამით მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში!
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არჩევნების დღეს საარჩევნო მედია ცენტრში 3 პრესკონფერენციას გამართავს: 12:30-ზე, 17:00-სა და 20:00 საათზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 1 ნოემბერს 10:30 საათზე კი წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.
გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე.
არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 2 92 14 03″, – ვკითხულობთ განცხადებაში.