”რეჟიმზე ზეწოლის გარეშე საქართველოს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ვერ გადარჩება”- პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებებზე მომუშავე 23-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ ვრცელი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
განცხადება სრულად:
მთავრობის მხრიდან ავტორიტარული მმართველობის განმტკიცების ძალისხმევის გაძლიერების ფონზე, დამოუკიდებელი მედია უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და ახლა გადარჩენის ზღვარზე დგას. ჟურნალისტები სულ უფრო მეტად ექვემდებარებიან დაკავებებს, ფიზიკურ თავდასხმებს, თვითნებურ ჯარიმებს, ცენზურას, ასევე ფინანსურ და ინსტიტუციურ რეპრესიებს.
IPI [საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი] უერთდება საერთაშორისო მედიის თავისუფლების, ჟურნალისტური და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს და ვაახლებთ ჩვენს მოწოდებას საერთაშორისო საზოგადოებისადმი, განსაკუთრებით ევროკავშირისადმი, მოახდინონ ეფექტური ზეწოლა ქართული ოცნების მმართველ პარტიაზე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დევნის დასასრულებლად და დემოკრატიული პრინციპებისა და მედიის თავისუფლების დასაცავად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს სრულ სოლიდარობას ქართველი ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც მზარდი ზეწოლის მიუხედავად, უარს ამბობენ გაჩუმებაზე.
ბოლო თვეებში ქართულმა ოცნებამ მიიღო რამდენიმე რეპრესიული სამართლებრივი აქტი, მათ შორის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ახალი კანონი, ასევე შეიტანა ცვლილებები გრანტებისა და მაუწყებლების შესახებ კანონებში.
შედეგად, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დირექტორები ახლა სამართლებრივი დევნის რისკის წინაშე დგანან, თუ სახელმწიფო მათ დააბრალებს, რომ “უცხოელი პრინციპალების” დავალებით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად არ დარეგისტრირდნენ. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს გარედან დაფინანსების მისაღებად უნდა მიიღონ “მთავრობის ან მთავრობის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა”. ჟურნალისტებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უფასო ტრენინგების ჩატარებაც კი მოსალოდნელია, მიჩნეულ იქნეს კანონდარღვევად.
დამოუკიდებელ მედიას საქართველოში შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი მანამ, სანამ იძულებულს გახდიან, დაიხურონ, რაც საზოგადოებას დამოუკიდებელ ინფორმაციას წაართმევს.
მაუწყებლობის კანონის ახალი ცვლილებების გამოყენებით, ხელისუფლებამ უკვე შეიტანა საჩივრები TV ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (GNCC).
ეს საჩივრები ეწინააღმდეგება მაუწყებლების მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორებიცაა “არალეგიტიმური პარლამენტი”, “არალეგიტიმური მთავრობა”, “ოლიგარქიული რეჟიმი” ან “რეჟიმის პატიმრები”. TV ფორმულა და TV პირველი ახლა შეიძლება დაექვემდებარონ ზომებს, რომლებიც მოიცავს საჯარო თუ წერილობითი ფორმის გაფრთხილებებს, კონტენტის შეცვლას, ჯარიმების დაწესებას ან საბოლოოდ, ლიცენზიების ჩამორთმევას.
ეს წარმოადგენს ქართული ოცნების მხრიდან ღია მცდელობას, დააწესოს მკაცრი ცენზურა და გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია.
გარდა ამისა, აქციების გამშუქებელ ჟურნალისტებს ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე ჯარიმებს უწესებდნენ. მედიის თავისუფლების რუკის მონაცემებით, 28 ნოემბრიდან ფიქსირდება 28 ჟურნალისტის დაჯარიმება 5 000 ლარით (დაახლოებით 1 600 ევრო) “გზის გადაკეტვისთვის” თბილისში პროევროპული აქციების გაშუქებისას. ზოგიერთი ჟურნალისტი რამდენჯერმე დაჯარიმდა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) დიდი ხანია, ემსახურება ქართული ოცნების მთავრობას, როგორც ინსტრუმენტი, და ახშობს ჟურნალისტების ძალისხმევას, იმუშაონ პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფლად. ახლახან საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ჟურნალისტები – ვასილ ივანე ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც ისინი მაუწყებლის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ გამოვიდნენ და შემდგომ “რეალური სივრცე”, ზაუტაშვილის თოქ-შოუ დახურა.
ამასობაში, მზია ამაღლობელი, გამოცდილი ქართველი ჟურნალისტი და ქვეყნის ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი, იანვრის დასაწყისში დაკავების შემდეგ უსამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მედიის თავისუფლების რუკის მონაცემებით, 28 ნოემბრიდან, სულ მცირე, 13 ჟურნალისტი დააკავეს სხვადასხვა ბრალდებით. ამ თარიღიდან მოყოლებული, 246 ჟურნალისტს დაესხნენ თავს, მათ შორის, ფიზიკური შევიწროების გზით, შეურაცხმყოფელი კამპანიებით, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლით, იურიდიულ შევიწროებითა თუ ჯარიმებით.
მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედებები კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული თავისუფლებების სწრაფი და სისტემატური ჩამოშლის ფონზე მიმდინარეობს.
როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნებზე, ისე მედიის ჩახშობაზე პასუხისმგებელი ორგანოების ხელმძღვანელებზე მუდმივი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ვერ გადარჩება.
საქართველოში მედიის თავისუფლების, დემოკრატიული თავისუფლებების და ჟურნალისტთა უფლებების ამ რღვევას, ავტორიტარიზმის ზრდისა და საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის ცვლილების ფონზე, რეგიონში დემოკრატიისთვის უფრო ფართო შედეგები მოაქვს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე და მხარი დაუჭიროს ქვეყნის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართული ოცნების მმართველ პარტიას, დაასრულოს მედიის წინააღმდეგ თავდასხმები, გაიწვიოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
International Press Institute (IPI)
European Federation of Journalists (EFJ)
European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa
Index on Censorship
Organized Crime and Corruption Reporting Project (OCCRP)
Society of Journalists (Warsaw)
South East Europe Media Organisation (SEEMO)
Media Diversity Institute
Media Diversity Institute Global
Justice for Journalists Foundation
RNW Media
Ossigeno.info
Reporters Without Borders (RSF)
IFEX
Association of European Journalists in Belgium (AEJ Belgium)
IMS (International Media Support)
Global Forum for Media Development (GFMD)
Democracy Reporting International (DRI)
Institute for Reporters’ Freedom and Safety (IRFS)
PEN International
Public Media Alliance (PMA)
Committee to Protect Journalists (CPJ)