ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსნადრ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა და თქვა, რომ „ლუკაშენკოს ვიზიტი უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება“.
„ამერიკის ხმასთან“ წერილობით გაკეთებულ კომენტარში, კინზინგერი ამბობს, რომ ბელარუსის მოქმედი ლიდერისგან გასაკვირი არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიო მესიჯები გააჟღეროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, – უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“.
ლუკაშენკოს ოფიციალურ საიტზე პრესრელიზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ 28 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე“ იმყოფებოდა.
„ასევე შეხვედრა შედგა აფხაზურ მიწაზე. ბელარუსის სახელმწიფო მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები განიხილა, ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადამ კინზინგერი თვლის, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც არის კავშირში. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს. მისი თქმით, „ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“.
წყარო: ამერიკის ხმა