“სავალდებულო ვაქცინაცია უკიდურესი ზომაა. აჩქარება არ ღირს“– ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული განყოფილების მეთაურმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება “აბსოლუტურად უკიდურესი ზომა უნდა იყოს, რომელსაც მაშინ გამოიყენებენ, როცა სხვა ყველა შესაძლო ვარიანტი ამოიწურება“.

“სავალდებულო ზომების ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული კონტექსტზე“– ამბობს კლუგე და მოუწოდებს ყველას, ახსოვდეთ, რომ წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ საქმეში ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხია ამა თუ იმ ქვეყანაში.

“ის, რაც ერთ საზოგადოებაში მისაღებია, შეიძლება არ მუშაობდეს და მიუღებელი იყოს სხვაგან“– ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი და დასძენს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანდაცვისადმი ხელმისაწვდომობისას ადამიანების უთანასწორობა.

ჯანმოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა ორგანიზაცია აკვირდება ყველა ზრდასრულ ჯგუფში დაინფიცირების ზრდას, ამასთან ყველაზე მაღალი მაჩვენებლები რეგისტრირდება 5–დან 14 წლამდე ბავშვებში. ჯანმოს მონაცემებით უმცროსი ასაკის ბავშვები საშუალოდ ორ–სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა დანარჩენი კატეგორიები.

თუმცა, თუ ბავშვებისთვის ვირუსი ძალიან საშიში არ არის, მათთვის, ვისაც ისინი ვირუსს გადასცემენ – ბებიებისა და ბაბუებისთვის შეიძლება დაინფიცირება ლეტალური აღმოჩნდეს. ამიტომ ჯანმო მოუწოდებს ყველას დიდი ყურადღება დაუთმონ ბავშვების ვირუსისგან დაცვას. კერძოდ, კლუგემ განაცხადა, რომ აუცილებელია სკოლებში ვენტილაცია გაძლიერდეს, ნიღბები კი ყველა დაწყებით კლასში სავალდებულო უნდა იყოს.

ამასთან, ჯანმოს წარმომადგენელი თვლის, რომ ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, გაუკეთებს თუ არა ბავშვებს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინას.