სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მოთხოვნები ქვეყნის ომში ჩართვას უკავშირდება რაც ოპოზიციის ინტერესია.
“ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს 24 საათის რეჟიმში და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს. ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია – ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, სავიზო რეჟიმის მოთხოვნა რა კავშირშია ომში ჩართვასთან, ოხანაშვილი პასუხობს, რომ “ძალიან ბევრ და ძალიან დიდ კავშირშია”.