ოსური ტელეგრამ არხებისა და ბლოგერების ინფორმაციით 300-მდე ოსმა მებრძოლმა უკრაინის ფრონტზე რუსეთის მხარეს ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სახლში დაბრუნდა. გამოცემა “Медиазона” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფრონტის ხაზზე ყოფნისას ბრძოლის შეწყვეტის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზეზად იქცა რუსი ზემდგომის ბრძანება, ერთ-ერთი გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედარი იქვე მიეტოვებინათ და მის ოჯახში ცარიელი კუბო გაეგზავნათ.
“ბიჭებმა განაცხადეს, “ლაჩრები არ ვართ, მებრძოლები ვართ, მაგრამ როცა სასაკლაოზე გგზავნიან საზარბაზნე ხორცად და მერე შენს ცხედარსაც კი არ გაიტანენ – მსგავსი რამ არავის გვჭირდებაო” – უყვება გამოცემას, ინფორმირებულმა წყარო.
მებრძოლების დარბუნებაზე მიუთითებს ოსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის, ედუარდ კოკოითის განცხადებაც. თავის ტელეგრამ არხში კოკოითი წერს, რომ არავის აქვს უფლება გაკიცხოს უკან დაბრუნდებული მებრძოლები.
“საჭიროა გავერკვევთ მომხდარში და ამის უშუალო მიზეზებში. უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ იყო დაორგანიზებული მათი გამგზავრება. ამით ჩვენ სერიოზულად დავკავდებით”. – დაწერა კოკოითმა.
აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა აუდიოჩანაწერითაც, რომელზეც ერთ-ერთი მებრძოლი ოსურად საუბრისას მთელს ამ სიტუაციას აღწერს და ამატებს: “სალხში რომ დავბრუნდებით, ხალხს გავესაუბრებით და ცენტრალურ მოედანზეც შევკრებთ – ვუამბობთ, როგორ გეგმავდნენ ჩვენს გამოყენებასო”.
“როგორც გაირკვა, ბიჭებს იქ კარგად დაცულ უკრაინულ პოზიციებზე კამიკაძეს სტილში, ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის გარეშე უნდა განეხორციელებინათ შეტევები. ეს უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევდა. ამდენად, გარკვეულ მომენტში ოსმა მებრძოლებმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავისებურად გააგრძელეს ბრძოლა, თუმცა ამას მოჰყვა დასჯა: რუსმა ზემდგომებმა განაცხადეს, რომ ოსურ ნაწილს არც საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, არც რუქებს”, – წერს ჟურნალისტი რუსლან ტოტროვი.