საზმაუს ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი წარუაშვილის 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ხასიათზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ წარუაშვილის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 28 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის, 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.