საზოგადოების სიძლიერე თაობათა ერთიანობაშია – დმანისის მხარდაჭერის სახლი, როგორც თაობათა თანამშრომლობის თანამედროვე მოდელი
როდესაც საუბარია დემოგრაფიულ და სოციალურ გამოწვევებზე, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი რეგიონებში ხშირად ხანდაზმულები არიან. ხშირ შემთხვევაში ისინი ცხოვრობენ იზოლაციაში, შორეული სოფლების სიღრმეში, ხშირად მარტონი, ციფრული რეალობის მიღმა. ამ კონტექსტში „დმანისის მხარდაჭერის სახლი“ და პროქტი ,,თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“ გამორჩეული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს თაობათა შორის ურთიერთობის გარდაქმნა, ადამიანური რესურსების მობილიზება და სოლიდარობაზე დაფუძნებული სერვისების შექმნა. პროექტი CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის’’ ფარგლებში განხორციელდა. მისი ძირითადი მიზანია თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ხანდაზმულების, ისე ახალგაზრდების სოციალიზაციას, ცოდნისა და უნარების განვითარებას.
- დმანისის მხარდაჭერის სახლი – სივრცე, სადაც ცხოვრება თავიდან იწყება
დმანისის მხარდაჭერის სახლი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: შინმოვლის სერვისი, რომელიც სოციალურად დაუცველ, მარტოხელა ხანდაზმულებს ემსახურება მათივე საცხოვრებელ გარემოში. გუნდი მოიცავს ექიმს, ექთანს, მომვლელსა და სოციალურ მუშაკს. მერე, ჯანსაღი დაბერების პროგრამა, რომელიც ოფისში ხორციელდება და დღის განმავლობაში ბენეფიციარებს სთავაზობს აქტივობების მრავალფეროვან სპექტრს: შემოქმედებითი შეხვედრები, დისკუსიები, თვითშემოქმედებითი ჯგუფები, ხელნაკეთობების მასტერკლასები, მუსიკალური გამოსვლები და სხვ. როგორც,ეკატერინე ოქრიაშვილი, ცენტრის მენეჯერი, აღნიშნავს, მათი მიდგომა დაფუძნებულია პატივისცემასა და თანასწორობაზე. აქტივობების დაგეგმვაში უშუალოდ არიან ჩართულნი ბენეფიციარები. ისინი ირჩევენ, რა უნდათ რომ აკეთონ – იქნება ეს თოჯინების თეატრი, მუსიკა, ლიტერატურული კლუბი თუ ექსკურსიები.“
- „თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“ – ციფრული ჩართულობა და განათლების ახალი წერტილები
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“. პროგრამამ მიზნად დაისახა, შეემსუბუქებინა ის ციფრული ბარიერი, რომელიც ხშირად ხანდაზმულებს ყოფს თანამედროვე ცხოვრებიდან. პროგრამა მოიცავდა:კომპიუტერული უნარების სწავლებას; საბაზისო კოდინგის შესწავლას, ინგლისური ენის საფუძვლებს და სხვ. ამ ინიციატივამ საშუალება მისცა როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანდაზმულებს, ემუშავათ ერთ სივრცეში, ერთმანეთისგან ესწავლათ და დაენერგათ ის უნარები, რომლებიც ორივე ჯგუფს პროფესიული და პირადი განვითარების გზაზე სჭირდება.
„ბავშვები ისეთ რამეებს გასწავლიან, რომ აქამდე ვერც იფიქრებდი… მათთან ურთიერთობა ჩემთვის ახალი თავგადასავალია,“ — გვიყვება 73 წლის ნანა მიქვიანი, ყოფილი პედაგოგი და ცენტრის ბენეფიციარი.
ნანა მიქვიანი ერთერთია იმ 70-მდე ბენეფიციარიდან, რომლის ცხოვრებაც ,,დმანისის მხარდაჭერის სახლმა“ მნიშვნელოვნად შეცვალა.თოჯინების თეატრის გამოცდილება განსაკუთრებით ამაღელვებელია მისთვის. ყოფილი პედაგოგი ადგილზე მოსწავლეებს სკოლისთვის საშინაო დავალების მომზადებაშიც ეხმარება. მისთვის ახლგაზრდებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა.
„ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დაახლოებით 10 წელი შინ გამოვიკეტე. იმ პერიოდში შვილიშვილები მყავდა პატარები და მთელი ჩემი ყურადღება მათზე გადამქონდა, თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ურთიერთობები და საზოგადოება ძალიან მენატრებოდა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე დმანისის მხარდაჭერის სახლი. ეს ადგილი ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა — ყველა ხანდაზმულს ვუსურვებ, მსგავს სივრცეში მოხვდეს.
ამ დროის განმავლობაში ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა — დღეები გამიხალისდა, მეტი მოტივაცია გამიჩნდა. განსაკუთრებით მიყვარს პოეზია და მუსიკა. ცენტრში ვმღერი და აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებაში.
ერთ-ერთი ჩემთვის განსაკუთრებული აქტივობაა თოჯინების თეატრი. ჩვენ, ხანდაზმულებმა, თავად შევქმენით სპექტაკლები და ბევრი ადგილის მონახულება მოვახერხეთ. გენახათ იმ ბავშვების ბედნიერი სახეები, ვინც ჩვენ სპექტაკლებს ესწრებოდა! ყველაფერს ცოცხლად ვაკეთებდით — ვმღეროდით, ტექსტებს ვამბობდით… ეს იყო ჩვენი სულიერი განტვირთვა და მათთვის — სიხარულის მომტანი შანსი.
ასევე აქტიურად ვეხმარები ბავშვებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან — სასწავლო დავალებების შესრულებაში ვუწყობ ხელს. ამ ურთიერთობაში მეც ბევრს ვსწავლობ.“
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ინიციატივა, რაც ცენტრში ბენეფიციარების სურვილით დაიბადა, იყო მუსიკალური ჯგუფის შექმნა. ხანდაზმულებმა ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, ერთად გადაწყვიტეს შეექმნათ ჯგუფი, რომელიც შეასრულებდა როგორც ფოლკლორულ, ასევე მათსავე შექმნილ მუსიკალურ კომპოზიციებს. ამ იდეამ არა მხოლოდ გააძლიერა მათი სოციალური ჩართულობა, არამედ ცენტრში შექმნა ერთობისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სივრცე.
- „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ — დმანისის დღის ცენტრი ბავშვებისთვის
დმანისში მოქმედი ინიციატივები მხოლოდ ხანდაზმულებს არ ეხება. ფოკუსში არიან ბავშვებიც. ევროკავშირის მხარდაჭერით, დმანისში დაფუძნდა დღის ცენტრი „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტში ბავშვებს განვითარებისა და განათლების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ცენტრი მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემულ სივრცეში განთავსდა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით გარემონტდა. შეძენილ იქნა ინვენტარი, და გადამზადდა პერსონალი — ფსიქოლოგები, თერაპევტები, პედაგოგები ბავშვებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ.
„ფონდის დაფინანსებით, ჩვენს ორგანიზაციას საშუალება მიეცა ჩაეტარებინა მცირე მასშტაბის კვლევა დმანისის თემში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით და დაედგინა, რა საჭიროებები ჰქონდათ ამ ოჯახებს. კვლევამ ცხადყო, რომ ოჯახების უმრავლესობა დღის ცენტრის არსებობას მუნიციპალიტეტშივე აუცილებელ პირობად მიიჩნევდა. ამ ბავშვებისთვის, რომლებიც მთელი დღე საზოგადოებისგან იზოლირებულ გარემოში ცხოვრობდნენ, დღის ცენტრის პროგრამა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა — მან მისცა მათ სივრცე სოციალიზაციისა და განვითარებისათვის. ევროკავშირის როლი ამ პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული იყო. სწორედ მათი მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი ისეთი ინიციატივის განხორციელება, რომელმაც არსებითად გააუმჯობესა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წვდომა როგორც საგანმანათლებლო, ისე განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებზე.“- ამბობს ა/ო ,,ბავშვი ოჯახი საზოგადოებას“ თავმჯდომარე მაია ბიბილეიშვილი.
- თეთრიწყაროს ადრეული განვითარების ცენტრი —ბავშვების მხარდაჭერა პირველივე წლებში
ამავე პროექტის ფარგლებში მალე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრიც დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც 0-7 წლის ასაკის ბავშვების ჰარმონიულ ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას მოემსახურება. ცენტრი ხელს შეუწყობს სკრინინგზე წვდომას, ქცევით ანალიზს, მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრებსა და აღზრდის პროცესში ჩართულიპერსონალის გადამზადებას.
,,პროექტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შევძელით, იყო ის, რომ მოვაწყვეთ შესაბამისი სივრცე როგორც ადმინისტრაციის, ისე ბავშვებისთვის — სივრცე, რომელიც ხელს უწყობს იმ უნარების განვითარებას, რაც განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს სჭირდებათ. ასევე გადავამზადეთ სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია ცენტრის ფუნქციონირებისთვის.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებული ბავშვების გარკვეული რაოდენობის თბილისში ან მეზობელ მუნიციპალიტეტებში გადამისამართება ხდება, რაც ხშირად დაკავშირებულია დამატებით ხარჯებსა და სხვადასხვა შეფერხებასთან. ეს განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როცა რეგიონში სოციალური მდგომარეობა ისედაც რთულია.“ – ამბობს თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი.
შექმნილი სივრცისა და გადამზადებული სპეციალისტების წყალობით, ბავშვებს ექნებათშესაძლებლობა, საჭირო მხარდაჭერა ადგილზევე მიიღონ. ეს ნიშნავს, რომ: მშობლებს აღარ მოუწევთ შორ მანძილზე გადაადგილება და დაკავშირებული ხარჯების გაწევა; ბავშვები მიიღებენ სტაბილურ, რეგულარულ და ხარისხიან მომსახურებას საკუთარ თემში;
სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, CENN-მა,ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა მათ შორის: ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების გაუმჯობესებაში, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი სსმ ბავშვების ცხოვრების ხარისხისგაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით და ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკურიგაძლიერება:
- პროექტი დასრულდა, მაგრამ საქმე გრძელდება…
2022 წლიდან დაწყებული ევროკავშირის მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტი, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდა, დასასრულს უახლოვდება. თუმცა, როგორც პროექტის მენეჯერი ნინო თევზაძე ხაზგასმით აღნიშნავს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დაწყებული საქმის დასრულებას.
,,პროექტი 2022 წლიდან ხორციელდება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და სამი ძირითადი მიმართულება აქვს: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განვითარება და თანამშრომლობითი მექანიზმების შექმნა, ასევე — სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ქვეგრანტების გზით.
ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციები ძირითადად მუშაობდნენ როგორც ახალი სერვისების შექმნაზე, ისე არსებული სერვისების გაძლიერებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ის არის, რომ ადგილებზე გაჩნდნენ სერვისების მიმწოდებლები — რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მუნიციპალიტეტებისთვის. აქამდე ადამიანებს ხშირად უწევდათ ამ სერვისების მისაღებად დიდ ქალაქებში წასვლა, რაც მათ დამატებით ბარიერებს უქმნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულდება, ჩვენ ვთანამშრომლობდით ორგანიზაციებთან, რომლებსაც უკვე აქვთ მუშაობის გამოცდილება და სერვისების მიწოდების მდგრადი მექანიზმები. ევროკავშირის მხარდაჭერამ საშუალება მოგვცა, გამზადებული და რეალურად მოქმედი სერვისები გადაგვეცა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი გააგრძელებენ ამ საქმიანობას.“ – ამბობს CENN-ის პროექტის მენეჯერინინო თევზაძე.
ქვემო ქართლის მაგალითი ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობით სოციალური სერვისების გაუმჯობესება: თაობათა დაკავშირება, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ეს ის გზაა, რომელიც ყველასთვის ღირსეულ ცხოვრებას ქმნის.
ავტორი: საბა ბედინეიშვილი