საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა

საზოგადობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება არხის სამეურვეო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვასილ მაღლაფერიძემ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2012 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს. ამ დროისთვის ის არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ასევე, მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე გადაწყვეტილების მიზეზად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას ასახელებს. მისი განმარტებით, თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.