საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ იკრძალება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, ე.წ. “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ დაუშვებელია. მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების პერიოდში “ბასლეინებზე“ მოძრაობის უფლება კერძო ავტოტრანსპორტისთვის მიეცათ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით ეს არ მოხდება:

ამასთან დაკავშირებით, ქალაქში არსებულ ავტობუსის შეუფერხებელი მოძრაობისთვის გამოყოფილ ზოლებზე – „ბასლეინებზე“ გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ ველოსიპედისა და სხვა უმოტორო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მსურველთათვის“– წერს სააგენტო და სხვა ქვეყნების მაგალითიც მოჰყავს:

 მსგავს სატრანსპორტო პოლიტიკას მსოფლიოს მასშტაბით სხვა მსხვილი ქალაქებიც უერთდებიან და მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვის, ფეხით გადაადგილებისა და ველოსიპედის აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდებენ;

  •  მილანი, იტალია – 35 კმ.-იან კერძო ავტომობილების გადაადგილებისთვის განკუთვნილ ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, სრულად მოეწყო ფეხით მოსიარულე პირებისთვის განკუთვნილი სივრცე და ველობილიკები;

  •  პარიზი, საფრანგეთი – 50 კმ-იანი კერძო ავტომობილების გადაადგილებისთვის განკუთვნილი ქუჩები, გადაკეთდა ველობილიკებად. ამასთანავე, ქალაქი გეგმავს 325 მლნ.$-ის გამოყოფას, რათა სრულყოფილი, განახლებული ველობილიკების ქსელი შეიმუშაოს; სიეტლი, აშშ – 30 კმ-იანი ქუჩა სრულად გადაიკეტა და ახლა მხოლოდ ველოსიპედებსა და ფეხით მოსიარულე პირებს შეუძლიათ გადაადგილება მოცემულ მონაკვეთზე;
  • მონრეალი, კანადა – ფეხით გადაადგილებისა და ეკო-მეგობრული ტრანსპორტით გადაადგილების წახალისებისთვის, ქალაქის მასშტაბით, 230 კმ-ზე გრძელი საფეხმავლო და ველობილიკებით დაკომპლექტებული ქუჩები მოეწყო.“– წერია სააგენტოს ინფორმაციაში.