არის მიმდინარე საქმეები და ახლა უკვე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რომელიც ბატონ სააკაშვილს ბონუსად დავუმატეთ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა ყველას შევახსენო ყოფილი დეპუტატის, ბატონი ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის ფაქტი და ამას შეიძლება ვუწოდოთ შეკვეთილი მკვლელობა, ვინაიდან ეს სხვა არაფერი იყო თუ არა მკვლელობის მცდელობა, როცა ჯანმრთელ ადამიანს გაუსწორდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონმა გელაშვილმა თავის დროზე არ დაუხარა თავი და სააკაშვილის ახირებები და ხუშტურები არ გაითვალისწინა და არ მოუსმინა. ამას გარდა, მიმდინარე საქმეა, სიმბოლურია, რომ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვიმყოფებით, ტელეკომპანია „იმედის“ საქმე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოხდა „იმედში“ სპეცრაზმის შემოჭრა, დარბევა, ტელეკომპანიის ტექნიკის განადგურება, ჟურნალისტების ცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. ეს არის მიმდინარე საქმე, რომელზეც ბრალი აქვს წაყენებული ბატონ სააკაშვილს და კიდევ არის სხვა საქმეები, მათ შორის ახლა დაემატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რომელიც ბატონ სააკაშვილს ბონუსად დავუმატეთ. ასე, რომ, ვფიქრობ, მეგობრებო, ყველაფერი დასრულდა, მინდა, მივმართო მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვესმის მათი მდგომარეობის, მათაც ვულოცავ ბიძინაობას და 1-ელ ოქტომბერს, მათაც ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას და დაწყნარებას. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყანა ახლა მაინც დაადგება დამშვიდების გზას, ვინაიდან ეს გვჭირდება ჩვენ, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად მართვა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.