სათამაშო ბიზნესის ასოციაცია საქართველოში ლიცენზირებული ყველა სათამაშო ვებგვერდის ოპერატორის სახელით აცხადებს, რომ თუკი პარლამენტი სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებს მიიღებს, სათამაშო ბიზნესის სექტორი უარს იტყვის სპორტის სპონსორებაზე.
მათი განმარტებით, რეგულაციები “უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევთ”, რაც საჭიროს გახდის ხარჯების ოპტიმიზაციას.
“აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას. აღნიშნული სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობაა და, ასევე, ემსახურება კომპანიების იმიჯის ამაღლებას.
ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრები ფინანსდებოდა ბიზნესის სტანდარტული საქმიანობით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში – სხვა მარკეტინგული ან ფინანსური გამართლება აღნიშნულ სასპონსორო კამპანიებს არასოდეს ჰქონია.
გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონპროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე”,– აცხადებს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია.
ცნობისთივს, 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს სხვადასხვა მიმართულებით.
აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის 70%-მდე გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვარის 25 წლამდე გაზრდას. აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და პარლამენტი მიმდინარე კვირაში აპირებს მის დამტკიცებას.
დღეს საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ მედიამენეჯერებიც. მათი შეფასებით, აღნიშნულმა რეგულაციებმა შესაძლოა კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაობის შეფერხება, ან დახურვა გამოიწვიოს.