საია-მ ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ბაჩანა შენგელია იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც სოციალურ  ქსელებში გავრცელებული თითქოსდა პოლიტიკურად მოტივირებული ფეისბუქ პოსტის გამო  იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ  დისციპლინური დევნა დაიწყო.

“ბრძანების თანახმად, ნოტარიუსს ევალება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის პირად ფეისბუქ გვერდზე აკრძალულია. აღნიშნული ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69-ე ბრძანება შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებით არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებასაც. ამის გამო საია ითხოვს განმწესრიგებელ სხდომაზე არსებითი განხილვის გარეშე გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბაჩანა შენგელიას მიჩნია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს და ამის იმედი აქვს, ეს პრეცედენტული საქმე გახდება. ამ გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ ამ ქვეყანაში არც ერთ საჯარო დაწესებულებას არ ექნება უფლება, ადამიანის წინააღმდეგ დაიწყოს დისციპლინური დევნა.

სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მომზადდა. მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს, მალე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა მისი ფეისბუქზე აქტიურობის გამო შეუზღუდა.