საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა პოლიტიკური პროტესტის გამო.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ცვლილებაზე დასკვნა წარუდგინა. ცვლილების მიხედვით პარტია ვერ ისარგებლებს სახელმწიფო დაფინანსებით: 1) თუ მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს; 2) თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, ემსახურება პარტიების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას. ის არ ემსახურება მხოლოდ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობას. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ, და ამავე დროს მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია.
ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი.
საია მოუწოდებს პარლამენტს მხედველობაში მიიღოს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზნები, დანიშნულება, არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების არაპროპორციულად შემზღუდველი, დაუსაბუთებელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში და არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი” – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია მოუწოდებს პარლამენტს მხედველობაში მიიღოს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზნები, დანიშნულება, არ დაუშვას პოლიტიკური პარტიების არაპროპორციულად შემზღუდველი, დაუსაბუთებელი ნორმების გაჩენა კანონმდებლობაში და წარმოდგენილი კანონპროექტი არ მიიღოს.